პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

ანტიდეპრესანტების მსუბუქი და მძიმე გვერდითი ეფექტები – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

ანტიდეპრესანტების მსუბუქი და მძიმე გვერდითი ეფექტები – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

2017 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 10.7%-ს – 792 მილიონ ადამიანს – ერთი ან მეტი ფსიქიკური პრობლემა აწუხებს. ამ ტიპის დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებული შფოთვითი აშლილობაა, მას მოსდევს დეპრესია, ალკოჰოლიზმი, ნარკოდამოკიდებულება და ბიპოლარული აშლილობა. 

მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, როცა ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად სოციალური დისტანცირების წესები გაჩნდა. შედეგად, ადამიანები საკუთარ პრობლემებთან მარტო დარჩნენ, მათთან გასამკლავებელი გზები კი ე.წ. ლოქდაუნების გამო მკვეთრად შემცირდა.

ინდივიდუალური მცდელობების მიუხედავად, ხშირად პრობლემასთან გასამკლავებლად პროფესიონალის დახმარება გვჭირდება. მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი ფარმაკოთერაპიაა. მას შემდეგ, რაც ფსიქიატრი დეპრესიის, შფოთვის ან სხვა ფსიქიატრიული დაავადების დიაგნოზს დასვამს, იგი პაციენტს წამლებს უნიშნავს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ექიმი. განსხვავებულ სიტუაციებში ფსიქიატრმა განწყობის, მადისა და ენერგიის მოსამატებლად, შესაძლოა, ანტიდეპრესანტები დანიშნოს. 

ანტიდეპრესანტები მედიკამენტების ქვეჯგუფია, რომელიც, ძირითადად, კლინიკური დეპრესიის სამკურნალოდ, ზრდასრულებში გამოიყენება. თუმცა, 50-იან წლებში პირველი ანტიდეპრესანტის შექმნიდან დღემდე, მათი როლი, მოქმედების ტიპი, გამოყენება თუ ასაკობრივი შეზღუდვა რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, დღესდღეობით ანტიდეპრესანტის 6 ძირითადი და მნიშვნელოვნად განსხვავებული კლასი არსებობს, რომელთაგან თითოეული დეპრესიის გარდა სხვა უამრავ ფსიქიკური თუ ფიზიოლოგიური დაავადების დროს ინიშნება, მათ შორის, ბავშვებსა და მოზარდებშიც.

გარდა დეპრესიისა, ანტიდეპრესანტთა ჯგუფები აქტიურად გამოიყენება ისეთი ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ, როგორიცაა:

  • შფოთვითი აშლილობების სპექტრი
  • ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
  • პანიკური აშლილობები
  • კვებითი აშლილობები, ბულიმია და ანორექსია
  • პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა და სხვა

რა ტიპის ანტიდეპრესანტები გამოიყენება ყველაზე ხშირად?

ათწლეულების ხანგრძლივობის კვლევების შედეგად, მეცნიერებისთვის ცხადი გახდა, რომ დეპრესიისა და სხვა არაერთი ფსიქიკური აშლილობის განვითარების რისკი, სიმძიმე, ხანგრძლივობა, მიმდინარეობის ტიპი და სხვა ბიოქიმიური მაჩვენებლები მყარ კორელაციაშია ტვინში თავისუფლად არსებულ 3 ჰორმონთან, რომლებიც ნეიროგადამცემების ფუნქციას ასრულებენ: სეროტონინი, ნორეპინეფრინი და დოპამინი. ფსიქიკური აშლილობის ის სპექტრი, რომელიც დღესდღეობით ჩვენთვის ცნობილია, ხშირად, შეიძლება აღიწეროს, როგორც ამ ნეიროტრანსმიტერთა პროპორციული დისბალანსი ან დეფიციტი. სწორედ ამიტომ, ანტიდეპრესანტთა უმრავლესობა ამ სამი ტიპის ჰორმონის რაოდენობის ზრდაზე ან წილობრივი პროპორციის კორექტირებაზეა ორიენტირებული, მაგალითად:

სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები(SSRI) ყველაზე გავრცელებული, წინა თაობის პრეპარატებთან შედარებით, ნაკლები გვერდითი მოვლენის მქონე, უსაფრთხოდ მიჩნეული ანტიდეპრესანტთა ჯგუფია, რომელსაც ფსიქიატრები, როგორც წესი, მკურნალობის დაწყებისას პირველ ვარიანტად განიხილავენ. ეს ჯგუფი ტვინში თავისუფლად არსებული სეროტონინის რაოდენობას ზრდის, რაც, მეცნიერთა აზრით, ტვინის სხვადასხვა რეგიონს შორის ინფორმაციის გადაცემის სიხშირესა და ხარისხს უნდა ზრდიდეს და შედეგად, გუნებაგანწყობას აუმჯობესებდეს. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არავინ იცის, ზუსტად როგორ აღწევენ ანტიდეპრესანტები ჩვენთვის სასურველ მიზანს. SSRI ტიპის ანტიდეპრესანტების ჯგუფის ზოგიერთი ცნობილი წარმომადგენელია ბრენდირებული სახელით: პროზაკი, რექსეტინი, ზოლოფტი, ციტოლესი, ციტომაქსი და სხვა.

სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები(SNRI) დაახლოებით ისევე მოქმედებენ, როგორც SSRI ჯგუფის ანტიდეპრესანტები, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ეს პრეპარატები სეროტონინის გარდა მეორე ნეიროგადამცემი ჰორმონის, ნორეპინეფრინის დონეზეც ახდენენ გავლენას. ამ ჯგუფის ცნობილი წარმომადგენლები არიან სიმბალტა და ეფექსორი.

ატიპურ ანტიდეპრესანტებს ის პრეპარატები მიეკუთვნება, რომლებიც რომელიმე კონკრეტულ ჯგუფში ვერ თავსდება. მათი მოქმედების მექანიზმი SSRI/SNRI ჯგუფებისგან განსხვავებული და ხშირად კიდევ უფრო ბუნდოვანია. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ტრიტიკო და ველბუტრინი.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები შედარებით ძველი ჯგუფია, რომელთაც, ახალი თაობის პრეპარატებთან შედარებით, ბევრად მეტი არასასურველი გვერდითი ეფექტი აქვთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათი გამოყენება აკრძალული ან შეზღუდულია. პირიქით, იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი SSRI/SNRI ჯგუფებზე არ რეაგირებს, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები მკურნალობის შემდგომ ვარიანტად განიხილება.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი განსხვავებული ანტიდეპრესანტების ჯგუფი არსებობს, ზედმიწევნით ზუსტად არავინ იცის, როგორ ახდენს სეროტონინისა და ნორეპინეფრინის ზრდა გავლენას ადამიანის გუნება-განწყობაზე, მის გახსნილობასა და მოტივაციაზე. და მეტიც, არის თუ არა ნეიროტრანსმიტერების ოდენობის ზრდა მდგომარეობის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი. სავსებით შესაძლებელია, რომ იგი უფრო რთული და ჩვენთვის უცნობი პროცესის გვერდითი მოვლენა იყოს.

ანტიდეპრესანტის დამოუკიდებლად მიღება ან მიღების შეწყვეტა არ შეიძლება!

ანტიდეპრესანტი საკმაოდ კომპლექსური, ძლიერი პრეპარატია, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს პაციენტის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე. მიუხედავად იმისა, რომ ანტიდეპრესანტების უმრავლესობა ტვინში თავისუფლად არსებული 3 ნეიროტრანსმიტერის რაოდენობის ზრდაზეა ორიენტირებული, ამ ჯგუფის წამლებს მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ მთელ ორგანიზმში, მაგალითად, სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მონელებისა და გულსისხლძარღვთა სისტემაში, მეტაბოლიზმის სიჩქარეში თუ სხვა. 

ამიტომ, ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დამოუკიდებლად დაწყება ან შეჩერება არაგონივრული, პოტენციურად ჯანმრთელობისთვის საშიში გადაწყვეტილებაა, რომელიც პაციენტმა არ უნდა მიიღოს. პაციენტის მდგომარეობის შეფასება და ანტიდეპრესანტული მკურნალობის გადაწყვეტილება მკაცრად პროფესიონალის მიერ უნდა იქნას მიღებული, სასურველია – ექიმი-ფსიქიატრის მიერ. მანვე უნდა შეარჩიოს ანტიდეპრესანტის ჯგუფი, ტიპი, დასახელება, დოზა, მიღების დრო და მკურნალობის ხანგრძლივობა. 

მკურნალობის განრიგში ექიმთან დაუკითხავმა ნებისმიერმა ჩარევამ, შესაძლოა, პაციენტისთვის უარყოფითი შედეგები მოიტანოს, შეამციროს მკურნალობის ეფექტურობა, გააძლიეროს გვერდითი ეფექტები ან გამოიწვიოს სხვა ჯანმრთელობის პრობლემები. ანტიდეპრესანტების დამოუკიდებლად მიღებას ზედოზირების რისკი ახლავს თან, რის გამოც, შესაძლოა, პაციენტი საავადმყოფოშიც აღმოჩნდეს, მკურნალობის დამოუკიდებლად, ხელის აღებით შეწყვეტამ კი, შესაძლოა, დანებების ძლიერი არასასურველი ეფექტები ან პაციენტის რელაპსი გამოიწვიოს. 

რამდენად ეფექტიანია ანტიდეპრესანტები?

კვლევების თანახმად, ანტიდეპრესანტები ზომიერი ან მძიმე დეპრესიის დროს პაციენტების მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. კერძოდ, პლაცებოსგან განსხვავებით, ანტიდეპრესანტული მკურნალობის შედეგები შესამჩნევ ცვლილებებს გვაძლევს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ანტიდეპრესანტები დეპრესიის მსუბუქი ფორმების დროს, წესისამებრ, არ ინიშნება და პაციენტს ამ დროს პრობლემის ფსიქოთერაპიით მოგვარებას ურჩევენ. სამწუხაროდ, ანტიდეპრესანტების ეფექტიანობა სხვა ფსიქიკური აშლილობების წინააღმდეგ ისე შესწავლილი არ არის, როგორც დეპრესიის შემთხვევაში. ამ უკანასკნელს რაც შეეხება, ფსიქიატრთა სამეფო კოლეჯის მიხედვით, იმ ადამიანების 50%-65%-სთვის, რომლებიც დეპრესიას ანტიდეპრესანტებით მკურნალობენ, მდგომარეობა უმჯობესდება.

რამდენ ხანს გრძელდება ანტიდეპრესანტებით მკურნალობა?

ეს რთული სათქმელია, რადგან მკურნალობის ხანგრძლივობა და ინტენსივობა ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული. თუმცა, როგორც წესი, ანტიდეპრესანტები მინიმუმ 6-თვიანი ვადით ინიშნება და, შესაძლოა, ადამიანი მათ წლების განმავლობაში იღებდეს.

საქმე ისაა, რომ ანტიდეპრესანტების სრული ეფექტის მიღებამდე საშუალოდ 4-6 კვირაა საჭირო. თავდაპირველი 2 კვირის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმი მედიკამენტს ეჩვევა, რომელიც, შესაძლოა, წარმატებით, ანუ გაუმჯობესებული მდგომარეობით დასრულდე  ან წამლის ჩანაცვლება გახდეს საჭირო, რადგან ერთი და იგივე ანტიდეპრესანტი ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს. 2-კვირიანი შეჩვევისა და მორგების შემდგომი 4 კვირა პრეპარატის ეფექტის სრულად ამუშავებას სჭირდება, ამიტომ, გაუმჯობესების პიკი, როგორც წესი, 2 თვის თავზე დგება ხოლმე.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ის საკითხია, რომელიც მკაცრად პაციენტსა და ფსიქიატრს შორის უნდა გადაწყდეს.

მსუბუქი, ზომიერი და მძიმე გვერდითი ეფექტები

ანტიდეპრესანტების სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი კრიტიკის უდიდესი ნაწილი სწორედ გვერდით ეფექტებს მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მედიკამენტები უამრავი ადამიანის ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, რაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა, მათ არაერთი არასასურველი გვერდითი ეფექტი ახლავთ თან.

ეს გვერდითი მოვლენები სრულად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია როგორც პაციენტზე, მის ასაკზე, დაავადების სიმძიმეზე, სისხლის ჯგუფსა თუ სხვა ჯერ კიდევ უცნობ კრიტერიუმზე, ასევე თავად პრეპარატის ტიპსა და ჯგუფზეც. ერთმა და იმავე ანტიდეპრესანტმა, შესაძლოა, ერთ ადამიანში საშინელი, გაუსაძლისი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, მეორეში კი – საერთოდ არანაირი.   

თუმცა, როგორც წესი, მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში ანტიდეპრესანტი ყველა პაციენტში ავლენს გვერდით ეფექტებს. უმრავლეს შემთხვევაში ეს ეფექტები მსუბუქია, უვნებელი და 2 კვირის თავზე სრულად ქრება. ამიტომ, თუ მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე დღე თავს ცუდად გრძნობთ, ეს წამლისთვის თავის განებების საბაბი არ უნდა გახდეს. ფსიქიატრები პრეპარატის ჩანაცვლებაზე მხოლოდ მას შემდეგ იწყებენ მსჯელობას, რაც გვერდითი ეფექტები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რჩება და პაციენტს ცხოვრებას მნიშვნელოვნად ურთულებს. სწორედ ამიტომ, საწყის ეტაპზე პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია.

ყველაზე გავრცელებული, ანტიდეპრესანტთა ჯგუფების მიხედვით, ჩაშლილი გვერდითი მოვლენების არასრული სია ასეთია:

SSRI/SNRI ჯგუფებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:

  • აჟიტირებულობა, კიდურების კანკალი, შფოთვა
  • გაციების, გრიპის სიმპტომები, სისუსტე
  • მონელების პრობლემები
  • დიარეა ან ყაბზობა
  • მადის საგრძნობი დაკარგვა ან მომატება
  • თავბრუსხვევა
  • უძილობა (ჩაძინების სირთულე, ძილში გამოღვიძება) ან მომატებული ძილიანობა
  • თავის ტკივილი
  • ლიბიდოს კლება, სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები
  • ორგაზმის მიღწევის სირთულე ან შეუძლებლობა
  • კაცებში – ერექციული დისფუნქცია, ქალებში – ბუნებრივი ლუბრიკაციის პრობლემები

მიუხედავად იმისა, რომ ჩამონათვალი ძალიან უსიამოვნო და საშიშიც კია, ეს სიმპტომები, როგორც წესი, მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის თავზე ქრება, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდა, ექიმი და პაციენტი, შეთანხმების საფუძველზე, ანტიდეპრესანტის კლასს ან დასახელებას ცვლიან, რათა იმ პრეპარატს მიაგნონ, რომელიც პაციენტს მოერგება.

ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები

  •  პირის სიმშრალე
  • ხედვის დაბინდვა
  • ყაბზობა
  • შარდვის გართულება
  • თავბრუსხვევა და თავის ტკივილი
  • ორიენტაციის დაკარგვა
  • წონის მატება
  • ოფლიანობა
  • გულის რიტმის პრობლემები, როგორიცაა მომატებული ან არარეგულარული გულისცემა      

აქაც, SSRI/SNRI ჯგუფის მსგავსად, გვერდითი ეფექტები 2 კვირის თავზე სრულად უნდა გაქრეს, სხვა შემთხვევაში კი პაციენტი და ექიმი წამლის ჩანაცვლებაზე იმსჯელებენ. ნიშანდობლივია ისიც, რომ უფრო ახალი თაობის ანტიდეპრესანტებისგან (SSRI/SNRI) განსხვავებით, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გვერდითი ეფექტები უფრო მძიმეა.

პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში რისკები

სეროტონინის სინდრომი

სეროტონინის სინდრომი ძალიან იშვიათი, თუმცა პოტენციურად სერიოზული გვერდითი ეფექტია, რომელიც SSRI/SNRI ჯგუფის ანტიდეპრესანტების გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს.

სეროტონინის სინდრომი მაშინ ვითარდება, როდესაც ადამიანის ტვინში სეროტონინის ჰორმონის რაოდენობა უკონტროლოდ, დასაშვებზე მეტად იზრდება. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როდესაც პაციენტი ამ ჯგუფის მედიკამენტს რომელიმე სხვა წამალთან კომბინაციაში იღებს, რომელიც ასევე სეროტონინის დონის ზრდაზეა ორიენტირებული. შედეგად, ტვინში ამ ნეიროტრანსმიტერის დონე სასურველზე მეტად იზრდება, რაც, პოტენციურად, სიცოცხლისთვის საშიში რისკია.

სეროტონინის სინდრომის სიმპტომები დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • დაბნეულობა
  • აჟიტირება
  • კუნთების წერტილოვანი თამაში, ვიბრაცია
  • ოფლიანობა
  • სხეულის კანკალი
  • დიარეა

თუ ანტიდეპრესანტის მიღების პარალელურად მსგავსი სიმპტომები განვითარდა, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მკურნალ ექიმს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ჩამოთვლილი სიმპტომების ნაწილი ანტიდეპრესანტის მოხმარების ზოგადი, უსაფრთხო გვერდითი მოვლენაც შეიძლება იყოს, ამიტომ პაციენტმა დამოუკიდებლად დასკვნები ან ქმედებები არ უნდა გააკეთოს და ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში ექიმს მიმართოს.

სეროტონინის სინდრომის უფრო ძლიერი, სასწრაფოდ სარეაგირო სიმპტომები ასეთია:

  • ეპილეფსიური შეტევა, შოკი
  • არასტაბილური, არარეგულარული გულისცემა
  • გონების დაკარგვა

ჰიპონატრემია

ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც SSRI ჯგუფის ანტიდეპრესანტებს იღებენ, შესაძლოა, ჰიპონატრემია განუვითარდეთ, რაც ორგანიზმში ნატრიუმის დონის დაცემას გულისხმობს. ნატრიუმის დონის დაცემამ, შესაძლოა, უჯრედული სითხის ზრდა და რიგ შემთხვევებში სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

ამის მიზეზი ისაა, რომ SSRI ტიპის მედიკამენტები მოქმედების პროცესში იმ ჰორმონის ფუნქციას ზღუდავენ, რომელიც ორგანიზმში ნატრიუმის დონის რეგულირებაზეა პასუხისმგებელი. რადგან ეს პროცესი ასაკოვან ადამიანებში უფრო არაეფექტიანად მიმდინარეობს, ისინი ამ გვერდითი მოვლენის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან.

ზომიერი ჰიპონატრემიის სიმპტომების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • სისუსტე
  • თავის ტკივილი
  • კუნთების ტკივილი
  • შემცირებული მადა
  • დაბნეულობა

უფრო მძიმედ განვითარებულ ჰიპონატრემიას შემდეგი გამოხატულება აქვს:

  • უკიდურესი დაღლილობის განცდა
  • დისორიენტაცია
  • აჟიტირება
  • ფსიქოზური გამოვლინებები
  • ეპილეფსიური შეტევები

გართულებული ჰიპონატრემიის ბოლო ეტაპზე, პაციენტი, შესაძლოა, კომაშიც კი ჩავარდეს. ამიტომ, სინდრომის დროული შემჩნევა ვიტალურად მნიშვნელოვანია. ჰიპონატრემიის პრობლემის მოგვარება შედარებით მარტივად, ნატრიუმის ხსნარის ინტრავენური გადასხმით ხორციელდება.

დიაბეტი

ზოგიერთი კვლევის მიხედვით, SSRI და TCA ტიპის ანტიდეპრესანტების ხანგრძლივი გამოყენება მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის, თუმცა უცნობია, დაავადების რისკს კონკრეტულად ანტიდეპრესანტის გამოყენება ზრდის თუ რაიმე მესამე ფაქტორი, რომელიც მკურნალობის პროცესში ვლინდება.

მაგალითად, შესაძლოა, დიაბეტი იმ ადამიანებს უფრო ხშირად განუვითარდეთ, რომლებმაც ანტიდეპრესანტული მკურნალობის ფონზე წონაში მოიმატეს.

სუიციდური აზრები

იშვიათ შემთხვევებში, ადამიანები, რომლებიც პირველად იწყებენ ანტიდეპრესანტულ მკურნალობას, სუიციდურ აზრებს აწყდებიან. განსაკუთრებული რისკის ქვეშ 25 წლამდე ახალგაზრდები არიან, ყველაზე მეტად – მოზარდები.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რატომ უნდა ავითარებდეს სუიციდურ აზრებს ანტიდეპრესანტის გამოყენება, თუმცა, ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ანტიდეპრესანტი არა გამომწვევის, არამედ ბიძგის მიმცემის როლს ასრულებს. კერძოდ, თუ ადამიანს, ანტიდეპრესანტული მკურნალობის დაწყებამდე, ისედაც ჰქონდა სუიციდური მიდრეკილებები, პრეპარატმა, შესაძლოა, მისი მოტივაცია და თავდაჯერებულობა გაზარდოს. თუმცა, ბუნდოვანია, რამდენად შეგვიძლია ამას ანტიდეპრესანტის „ბრალი“ ვუწოდოთ. ბოლოსდაბოლოს, მოტივაციის, ენერგიისა და თავდაჯერებულობის მომატება იმ მიზნების ნაწილია, რისთვისაც ამ ტიპის წამლის დალევას ვიწყებთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი მკურნალობის პროცესში მომატებულ სუიციდურ აზრებს განიცდის, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ჩააყენოს საქმის კურსში და მიჰყვეს მის შემდგომ მითითებებს.

როგორც წესი, სუიციდური აზრები სხვა გვერდით მოვლენებთან ერთად მკურნალობიდან 2-3 კვირაში ქრება, მაგრამ ეს უმოქმედობის და დამალვის საფუძველი არ უნდა გახდეს. 

როგორ შევამსუბუქოთ არასასურველი გვერდითი ეფექტები?

საბედნიეროდ, სტატიაში განხილული მსუბუქი და ზომიერი გვერდითი ეფექტების შესამსუბუქებლად არაერთი სტრატეგია არსებობს, თუმცა, თითოეული მათგანი მკაცრად მკურნალ ექიმთან უნდა იყოს განხილული და შეთანხმებული. 

როგორც წესი, პირველი ნაბიჯი, რომელსაც მხარეები მომაბეზრებელი გვერდითი ეფექტის წინააღმდეგ დგამენ, ანტიდეპრესანტის დოზის ცვლილებაა. მაგალითად, მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ამ მომენტში პრეპარატის ცვლილებაზე უმჯობესი მისი დოზის შემცირება იქნება, რამაც, შესაძლოა, პაციენტისთვის წამლისგან მიღებული სარგებელი უმნიშვნელოდ შეამციროს, სანაცვლოდ კი არასასურველი გვერდითი მოვლენა სრულად მოხსნას. მას შემდეგ, რაც ორგანიზმი წამალს სრულად შეეგუება და გვერდითი ეფექტებიც ძალას დაკარგავს, ექიმმა, შესაძლოა, პაციენტი პირვანდელ დოზაზე დააბრუნოს.

თუ შედეგს არც დოზირების ცვლილება გამოიწვევს, მხარეები წამლის სხვა კლასით ან დასახელებით ჩანაცვლებაზე მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებენ. 

ზოგადად, კონკრეტული გვერდითი მოვლენის შესამსუბუქებლად მიმართული რამდენიმე ქმედება შეგვიძლია სიის სახით შევადგინოთ:

  • თუ წამალი მომნელებელი სისტემის პრობლემებს გიქმნით, შეგიძლიათ წამალი ჭამამდე, ჭამის პროცესში ან ჭამის შემდეგ გარკვეული დროის შემდეგ მიიღოთ, რომელი ვარიანტიც ნაკლებად პრობლემური იქნება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, სჯობს, ექიმს დაეკითხოთ.
  • თუ პრეპარატი ძილის პრობლემებს იწვევს, ჰკითხეთ მკურნალ ექიმს, წამლის მიღების დროის ცვლილება უარყოფით ეფექტს ხომ არ მოაგვარებდა. მაგალითად, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი სტიმულანტია, ზოგიერთს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს, ამიტომ, ძილის წინ მივიღებთ მას თუ დილით, შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. 
  • ანტიდეპრესანტის ალკოჰოლთან მიღება რეკომენდებული არ არის. ამ ქმედებამ, შესაძლოა, არსებული გვერდითი მოვლენები მნიშვნელოვნად გააძლიეროს და იმ მიზნის მიღწევაში შეგიშალოთ ხელი, რისთვისაც მკურნალობა დაიწყეთ. 
  • ანტიდეპრესანტული მკურნალობის პარალელურად წონის მატება ძირითადად მეტაბოლური ცვლილებებით ან მადის მომატებით არის გამოწვეული. ამიტომ, ყველაზე მარტივი და ჯანსაღი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ვარჯიში და სწორი კვებაა. ყოველდღიური ფიზიკური აქტივობისა და შაქრიანი, არაჯანსაღი ცხიმების შემცველი საკვების რაციონიდან ამოღებით ამ პრობლემას თითქმის სრულად გადაჭრით. 

საბოლოოდ, კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ სტატიაში განხილული გვერდითი ეფექტების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ ზოგიერთ ადამიანში ვლინდება და თანაც, მკურნალობის დაწყებიდან ხშირ შემთხვევაში 2 კვირის თავზე ქრება. ისეთ შემთხვევებში, როცა არასასურველი ეფექტები ხანგრძლივად მიჰყვება მკურნალობის პროცესს, ექიმი და პაციენტი დოზირების ან პრეპარატის ტიპის ცვლილებით ამ პრობლემის გადაჭრას მარტივად ახერხებენ. 

 

კომენტარები