HMS Defender-ის ინციდენტი შავ ზღვაში

შავ ზღვაში ბრიტანულ ხომალდს რუსულმა გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

ბრიტანული ხომალდი HMS Defender

შავ ზღვაში ბრიტანეთის სამეფო გამანადგურებელ ხომალდს, HMS Defender-ს რუსული საზღვაო ძალების გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. ასევე, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა გემის წინ ბომბები ჩამოყარა. ბრიტანული გემი, რუსეთის თავდაცვის ძალების თქმით, რუსეთის წყლებში შევიდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ბრიტანულმა ხომალდმა მალევე დატოვა რუსული წყლები. 

"Defender-ი გაფრთხილებულ იქნა, რომ გამოყენებული იქნებოდა იარაღი, თუკი ის რუსეთის ფედერაციის საზღვარს გადაკვეთდა. გაფრთხილებას რეაქცია არ მოჰყოლია". – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

რუსული მედიის ცნობით, გამაფრთხილებელი ცეცხლი მოსკოვის დროით 12:06-12:08-ზე გახსნეს. მათივე თქმით, ბრიტანულმა ხომალდმა რუსეთის ფედერაციის საზღვაო საზღვრები 12:23-ზე დატოვა. 

შემთხვევის შემდეგ რუსულმა მხარემ ბრიტანეთის ატაშე გამოიძახა. 

ბრიტანული ხომალდი შავ ზღვაში 14 ივნისს შევიდა.

საინტერესოა აშშ-ს საზღვაო ძალების რამდენიმე დღის წინანდელი ცნობა. 18 ივნისს შავ ზღვაში მყოფი ბრიტანული HMS Defender-სა და ჰოლანდიური HNLMS Evertsen-ის ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემის (AIS) მონაცემები გაყალბებული იქნა. ამ მონაცემებში ჩანდა ისე, თითქოს უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაში გაჩერებული გემები რუსეთის კონტროლირებად და ოკუპირებულ ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლისკენ მიემართებოდნენ. სევასტოპოლში მდებარეობს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზა. რეალურად, ბრიტანულ და ჰოლანდიურ გემებს ოდესა არ დაუტოვებიათ. 

კომენტარები