რამან პრატასევიჩის დაკავება

ევროკავშირი ბელარუსისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

რამან პრატასევიჩი
ფოტო: voanews.com

16 ივნისს ევროკავშირი Ryanair-ის რეისის იძულებით დაშვების და ბელარუსი ჟურნალისტის და აქტივისტის დაკავების გამო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

სანქციები 7 ოფიციალურ პირს შეეხება, რომლებიც ბელარუსის ავიაციის სექტორთან არიან დაკავშირებული. გარდა ამისა, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირი გაყინავს 70 ბელარუსი მოქალაქის საბანკო ანგარიშებს და შეუზღუდავს მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას.

ევროკავშირი Raynair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმამდე და რამან პრატასევიჩისა და მისი მეგობარი გოგოს, სოფია საპეგას დაკავებამდე უკვე ამზადებდა სანქციების პაკეტს, რომელიც ბელარუსი მოქალაქეებისთვის ანგარიშების გაყინვასა და სამოგზაურო შეზღუდვებს ითვალისწინებდა.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თვითმფრინავის იძულებითი დაშვება საჰაერო მეკობრეობად შეაფასეს. 

ბელარუსის ავიაციასთან დაკავშირებული პირებისთვის სანქციების დაწესება შუალედური ზომაა, მანამ სანამ ევროკავშირი უფრო სერიოზულ ეკონომიკურ სანქციებს განიხილავს, რომლებმაც უფრო დიდი დარტყმა უნდა მიაყენონ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს.


ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი რამან პრატასევიჩი 23 მაისს მინსკში დააკავეს. მის დასაკავებლად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. პრატასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს. საპეგა ორი თვით არის დაპატიმრებული.

25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ryanair-ის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღო. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პრატასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რამან პრატასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.


რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პრატასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევიჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები