ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს

ალექსეი ნავალნი
Meduza

მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სტრუქტურები ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ეს სტატუსი მიენიჭა კორუფციასთან ბრძოლის ფონდს, მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდს და პოლიტიკოსის რეგიონულ შტაბებს. ორგანიზაციებს აეკრძალათ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება, ფინანსური ოპერაციების ჩატარება, აქციების ორგანიზება და არჩევნებში მონაწილეობა.

სასამართლო პროცესი 12 საათი გრძელდებოდა, გადაწყვეტილება 20 წუთში მიიღეს.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება "ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას", მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში 30 დღეში შედის. ორგანიზაციების საკუთრება, რომელიც კრედიტების გადახდის შემდეგ დარჩება, სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.

დაცვის მხარის თანახმად, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ ჯერ რუსეთის ინსტანციებში და შემდეგ, თუ საჭირო გახდება, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში.

რუსეთში უკვე მიიღეს კანონპროექტი, რომელიც "ექსტრემისტული ორგანიზაციების" წევრებს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. კანონპროექტის ფარგლებში არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ მათ, ვინც მუშაობდა, "ექსტრემისტულ ორგანიზაციაში" ან ფულს სწირავდა მათ.  ორგანიზაციის ხელმძღვანელებს არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით ექნებათ აკრძალული, თანამშრომლებს კი - სამით. კრემლის კრიტიკოსების აზრით, კანონის მიღება წინასაარჩევნოდ ოპოზიციური ხმის ჩახშობას ემსახურება.


სასამართლოს მიერ ნავალნის ორგანიზაციების ექტრემისტულად გამოცხადებამდე, 30 აპრილს რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სააგენტომ ნავალნის რეგიონული ოფისების ქსელი "ტერორიზმსა და ექსტრემიზმში" ჩართულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. მოსკოვის პროკურორებმა კი განაჩენის გამოტანამდე ორგანიზაციის ანგარიშები გაყინეს. სასამართლო პროცესის პარალელურად ნავალნის რეგიონული კამპანიის ოფისების ქსელი დაიშალა.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჩამოყალიბებული ანტიკორუფციული ფონდის რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კორუფციის გამოვლენაზე მუშაობს. ფონდმა არაერთხელ დაადანაშაულა მთავრობა თავისი გამოძიებების გამო ფონდის წევრების დევნაში. ფონდის გამოძიებებს შორის ყველაზე გახმაურებული პუტინის სასახლეზე მომზადებული სიუჟეტია, რომელმაც YouTube-ზე ამ დროისთვის 115 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები