ტექნოლოგიური გიგანტები

ევროკავშირსა და ბრიტანეთში Facebook-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო

ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ბაზრის მარეგულირებელმა ორგანოებმა კომპანია Facebook-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყეს. 

CNBC-ის ცნობით, გამოძიება Facebook-ის ონლაინ სავაჭრო პლატფორმას, Marketplace-სა და გაცნობის სერვისს, FB Dating-ს შეეხება. 

ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, ტექნოლოგიურ გიგანტს ბაზრის დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენებასა და კონკურენციის შეზღუდვაში ადანაშაულებენ, კერძოდ, Facebook-ი მომხმარებლების პირად ინფორმაციას აქტიურად იყენებს მიზნობრივი რეკლამების შესაქმნელად და საკუთარი პროდუქტის ან სერვისის გასაყიდად. 

ექსპერტების განმარტებით, მსგავსი პრაქტიკა შეუძლებელს ხდის Facebook-თან კონკურენციის გაწევას, რადგან მას თითქმის 3.5 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს და მომხმარებლების დიდი ნაწილი დროის უმეტეს ნაწილს სწორედ Facebook-სა და მის შვილობილ პლატფორმებზე ატარებს, მაგალითად: Instagram-ზე, Messenger-სა და WhatsApp-ში. 

"ასეთი უპირატესობა ართულებს Facebook-ისთვის კონკურენციის გაწევას, განსაკუთრებით კი მცირე ბიზნესისათვის, რაც მომხმარებლებს არჩევანის გაკეთების საშუალებას უზღუდავს". – თქვა გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა ბაზრის მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა, ანდრეა კოსელიმ. 

ტექნოლოგიური გიგანტების კრიტიკოსების თქმით, Facebook-ს, Google-ს, Amazon-ს, Microsoft-სა და Apple-ს აქვთ ერთგვარი მონოპოლიური გავლენა ბაზარზე, რაც მათ თითქმის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს აძლევს, მაგალითად: კონკურენტი კომპანიების შესყიდვას და მათ შემოერთებას, დეპლატფორმირებას, ცენზურის დაწესებას, რეკლამების შეზღუდვას, ფასების ქვედა ზღვრის დაწესებას, დაბლოკვას და ა.შ. 

ევროკავშირის მარეგულირებელი კომისია გამოძიებას მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მარკეტინგისათვის გამოყენების მიმართულებით იწყებს. 

"ჩვენ დეტალურად განვიხილავთ, აძლევს თუ არა ეს მონაცემები [პირადი ინფორმაცია] Facebook-ს კონკურენტულ უპირატესობას, განსაკუთრებით კი ონლაინ რეკლამებისა და გაყიდვების სექტორში, სადაც ხალხი ყოველდღე ყიდის და ყიდულობს საქონელს. 

ამ ვაჭრობაში ჩართულია Facebook-იც და ის იმ კომპანიებს უწევს კონკურენციას, რომელთაგანაც თავადვე აგროვებს ინფორმაციას.  

თანამედროვე ციფრული ეკონომიკის პირობებში, ინფორმაცია არ უნდა იქნეს გამოყენებული კონკურენციის შესაზღუდ იარაღად". – თქვა ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა, მარგარეტ ვესტაგერმა. 

შეგახსენებთ, რომ Facebook-ისა და სხვა ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით ანტიმონოპოლიური გამოძიება მიმდინარეობს და რამდენიმე შემთხვევაში სასამართლოებმა ტექ. კომპანიები გაამტყუნეს და სერიოზული თანხით დააჯარიმეს, მიუხედავად ამისა, მათი ქმედება და სტრატეგია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 
 

კომენტარები