ვაქცინაცია

გასულ დღე-ღამეში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მეტი – 6 158 ადამიანი აიცრა

გასულ დღე-ღამეში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მეტი – 6 158 ადამიანი აიცრა. ქვეყნის მასშტაბით ვაქცინა 155 538-მა პირმა გაიკეთა. მათგან სრულად, ვაქცინის ორივე დოზა 37 780-მა მოქალაქემ მიიღო. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 55 წლის ნაცვლად, 45 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.

Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის დამატებით დოზებს ზაფხულში უნდა ველოდოთ.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო. 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის – სინოფარმის გამოყენების ნებართვა გასცა.

3 მაისს, WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

რაც შეეხება სინოვაკის [SINOVAC] ვაქცინას, საქართველოში 100 000 დოზა 29 აპრილს ჩამოვიდა. ამ ვაქცინას WHO-სგან ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია. WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოვაკის ეფექტიანობა ორი დოზის მიღების შემდეგ 50.7%-ით განისაზღვრა, რაც ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის მე-3 ფაზით დადგინდა. ამასთან ერთად, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში სინოვაკის ეფექტიანობა 100%-მდე იზრდება, რაც ნიშნავს, რომ სინოვაკი კორონავირუსით დაავადებულს იცავს გართულებებისგან. ცნობისთვის, 50%-ზე მეტი ეფექტიანობა საკმარისია იმისათვის, რომ ვაქცინამ რეკომენდაცია მიიღოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები