პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

ბიპოლარული აშლილობა, ანუ დეპრესიიდან მანიამდე და უკან – ინტერვიუ ეკა ჭყონიასთან

პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

ბიპოლარული აშლილობა, ანუ დეპრესიიდან მანიამდე და უკან – ინტერვიუ ეკა ჭყონიასთან

რა სხვაობაა ბიპოლარულ და უნიპოლარულ დეპრესიულ აშლილობებს შორის? რას ნიშნავს მანია, გუნება-განწყობის ექსტრემუმები და ციკლოთიმია? რა ვიცით და რა არ ვიცით ბიპოლარული აშლილობის შესახებ? რამდენად საშიშია იგი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ პრობლემას? ამ თემებზე ექიმ-ფსიქიატრს, ეკა ჭყონიას ვესაუბრეთ.

მსოფლიო მოსახლეობის, სულ მცირე, 0.6%-ს ბიპოლარული აშლილობა აქვს, რომელიც ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური გამოწვევების ხუთეულშია. ბიპოლარული აშლილობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა განსაკუთრებით დაბალია, დაავადების დიაგნოსტირება კი ერთ-ერთი ყველაზე რთული. ამას თავად აშლილობის სიმპტომები განაპირობებს - ისინი ხშირად ერევათ დეპრესიასა და შიზოფრენიაშიც. შედეგად, მისი იდენტიფიცირება და მართვა დროში იწელება.

ბიპოლარული აშლილობა სტერეოტიპულადაა გავრცელებული პოპკულტურაშიც. ფილმებსა თუ სერიალებში, ხშირად გვხვდება ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანები, რომლებიც ან უკიდურესად პოზიტიურად – გენიოსად არის წარმოჩენილი, ან ნეგატიურად – შეშლილად. ამას გარდა, ინტერნეტსივრცეში ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი აქტიურად გამოიყენება საკუთარი ან სხვისი ხასიათის სწრაფი ცვალებადობის გასაშარჟებლად.

სამწუხაროდ, დაავადება ბევრად უფრო უსიამოვნო და პოტენციურად საშიშია, ვიდრე გვგონია. აშლილობამ, შესაძლოა, ადამიანის და მის გარშემო მყოფების ცხოვრება ძალიან დაამძიმოს, მიაღებინოს მისთვის სახიფათო გადაწყვეტილებები. ბიპოლარული აშლილობის რაობაზე, მის სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდებზე ვესაუბრეთ ფსიქიატრს, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარეს, ეკა ჭყონიას. .

რა არის ბიპოლარული აშლილობა, როგორია ბიპოლარული აშლილობის ტიპური სიმპტომები?

ბიპოლარული აშლილობა, თავისთავად, გუნება-განწყობითი აშლილობაა, რომელიც განსხვავებული ეპიზოდებით ხასიათდება. ეს ეპიზოდები რამდენიმე სახისაა, კერძოდ, ფსიქოლოგიური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოს(DSM-V) თანახმად, განასხვავებენ ბიპოლარულ I და ბიპოლარულ II აშლილობას, ციკლოთიმიას, ნივთიერებათა მოხმარებით გამოწვეულ ბიპოლარულ აშლილობას და სხვა სამედიცინო დიაგნოზთან ასოცირებულ ბიპოლარულ აშლილობას. 

ბიპოლარული I აშლილობა , მარტივად რომ ვთქვათ, ხასიათდება მინიმუმ ერთი გამოკვეთილი მანიაკალური ეპიზოდით, რომელიც, სულ მცირე, 1 კვირას გრძელდება და პაციენტის ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა აქვს. ბიპოლარული II ტიპის აშლილობა მძიმე დეპრესიულ პერიოდებს მოიაზრებს, რომლებიც, მინიმუმ, 2 კვირის განმავლობაში გრძელდება და რომელთაც ჩვეულებრივი, უნიპოლარული დეპრესიის სიმპტომები ახასიათებთ. ბიპოლარული II ტიპის აშლილობაში სრულად გამოხატული მანიაკალური ეპიზოდების ნაცვლად ჰიპომანიაკალური, შედარებით მოზომილი, ეპიზოდები გვხვდება, რომლებიც ბევრად უფრო ხანმოკლე და იშვიათია, ვიდრე პირველი ტიპის შემთხვევაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველი ტიპის ბიპოლარულის დროს ადამიანი მანიაკალურ და დეპრესიულ პერიოდებს თანაბარი დოზითა და ხანგრძლივობით განიცდის, მეორე ტიპის შემთხვევაში კი დეპრესიული პერიოდები ბევრად მძიმე და ხანგრძლივია, ვიდრე შედარებით სუსტი, ჰიპომანიაკალური ეპიზოდები. რაც შეეხება ციკლოთიმიას, ეს არის ბიპოლარული აშლილობის ტიპი, რომლის დროსაც ადამიანი პოლარულ ექსტრემუმებს არ აღწევს – გამოკვეთილი სახით არ გვხვდება არც მანიაკალური მდგომარეობა, არც დეპრესია, მაგრამ გვაქვს გუნება-განწყობის მუდმივი ცვლილება ამ ორ პოლუსს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ციკლოთიმიის დროს ადამიანი ხან მეტად ცუდად გრძნობს თავს, ხან ნაკლებად, მაგრამ ძალიან იშვიათად – კარგად.

რას გულისხმობს მანიაკალური ეპიზოდი?

მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს რაზე ვსაუბრობთ, განვიხილოთ მანიაკალური ეპიზოდი. ეს ეპიზოდი ხასიათდება ამაღლებული ან გაღიზიანებული გუნება-განწყობით. ამ დროს ადამიანი არის ჰიპერაქტიური, ენერგიული, აჩქარებული და საქმიანი. ზოგადად მიიჩნევა, რომ მანიაკალური მდგომარეობა დეპრესიის საპირისპირო მდგომარეობაა და ადამიანი ამ დროს განსაკუთრებით კარგ ხასიათზე უნდა იყოს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. სავსებით შესაძლებელია, ამაღლებული მდგომარეობა ძალიან სწრაფად შეიცვალოს გაღიზიანებით, თან ახლდეს დისფორიულობა და მომატებული აქტივობა. მანიაკალური ეპიზოდის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ აქტივობა არის მიზანმიმართული და არა, მაგალითად, დეორგანიზებული, რაც გვხვდება გამწვავებული შიზოფრენიის დროს. მანიაკალური ეპიზოდის პერიოდში გააქტიურებულმა ადამიანმა, შესაძლოა, დაიწყოს ბიზნესი, აიღოს სესხი ბანკიდან, გამართოს საქმიანი შეხვედრები უცხო ადამიანებთან და ასე შემდეგ. როგორც წესი, ამაღლებული გუნება-განწყობა, გაღიზიანება და მომატებული აქტივობა, მინიმუმ, ერთი კვირის მანძილზე გრძელდება.

დიაგნოზის დასასმელად საჭიროა, ვლინდებოდეს რამდენიმე დამატებითი ნიშანი, მაგალითად, ძილის საჭიროების არქონა, რაც არ უნდა აგვერიოს უძილობაში: თითქმის ყველა ფსიქიკური აშლილობის დროს გვაქვს ძილის დარღვევები, მაგრამ ბიპოლარული აშლილობის შემთხვევაში (მანიაკალური ეპიზოდის დროს) ადამიანს, შეიძლება, დღე-ღამეში 2-3 საათი ეძინოს და ამბობდეს, რომ საკმარისი ენერგია აქვს და მეტი არ სჭირდება. ცხადია, ამ დროს ორგანიზმი იფიტება და სიტუაცია საშიში ხდება.

ამას გარდა, მანიაკალურ ეპიზოდში, ადამიანს ახასიათებს გადაჭარბებული წარმოდგენები თავის შესაძლებლობებზე: მაგალითად, ეჭიდება ისეთ საქმეს, რომელიც მის ძალებს აღემატება, რამაც, შესაძლოა, მძიმე ფინანსურ შედეგებამდე მიიყვანოს. უჭირს რისკის გათვლა, რაც გულისხმობს სიცოცხლისთვის საშიშ აქტივობაში ჩაბმას, ნარკოტიკული ნივთიერებების უზომო მოხმარებას, დაუცველი სექსუალური კავშირების დამყარებას და სხვა.

რა შეგვიძლია ვთქვათ დეპრესიული პერიოდის შესახებ?

ბიპოლარული II ტიპის დიაგნოსტირებისთვის, დაქვეითებული გუნება-განწყობა, მინიმუმ, 2 კვირის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს და აგრეთვე, ვლინდებოდეს საყვარელი საქმიანობების მიმართ ინტერესის დაკარგვა. კერძოდ, აქტივობები, რომლებიც ადამიანს სიამოვნებას ანიჭებდა, აღარ აინტერესებს, აქვს დანაშაულის განცდა, დაბალი თვითშეფასება, პესიმისტური დამოკიდებულება წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ, რაც ძალიან ხშირად გამოიხატება სუიციდურ აზრებში. მანიაკალური ეპიზოდის მსგავსად, ძილის რეჟიმი ამ შემთხვევაშიც დარღვეული გვაქვს, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ დეპრესიულ ეპიზოდში ადამიანს მუდმივი გამოუძინებლობა აწუხებს, იმის მიუხედავად, თუ რამდენი ხანი ეძინა. გრძნობს სისუსტეს, დაღლილობას, ეძნელება იმ საქმის გაკეთება, რომელსაც აქამდე უპრობლემოდ აკეთებდა. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ საერთოდ არ არის აუცილებელი გუნება-განწყობის დაქვეითება მკვეთრად იყოს გამოხატული, მაგალითად, შეიძლება გვქონდეს სიხარულის ნაკლებობა, სიამოვნების შეგრძნებების დაქვეითება, გამოხატული კოგნიტური პრობლემები და უმეტესად, ყურადღების სერიოზული დეფიციტი. სამწუხაროდ, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ასაკოვანია, შეიძლება შეიქმნას დემენციის პრობლემაც.

როგორია დაავადების გამოვლინება ასაკისა და სქესის მიხედვით?

ბიპოლარული I აშლილობა, ძირითადად, თინეიჯერობის ასაკიდან იჩენს თავს. ამ ასაკის მოზარდისათვის ისედაც დამახასიათებელია გუნება-განწყობის ცვალებადობა, გაღიზიანებადობა და აქტიურობა, მაგრამ მანიაკალური მდგომარეობა მაინც სპეციფიკურია: თუ მოზარდი გვეჩვენება ზედმეტად აღგზნებული, უჩვეულოდ აგრესიული, არ სძინავს ღამე, მაგრამ ეს არ ისახება ნეგატიურად მის ენერგიაზე, ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს.

რაც შეეხება ბიპოლარულ  II მდგომარეობას, ის შედარებით გვიან ვითარდება. ხშირია შემთხვევები, როცა დეპრესიული ეპიზოდის განვითარებას კონკრეტული ცხოვრებისეული მოვლენა უსწრებს წინ, რაც მოზარდების ასაკიდან გამომდინარე, მათში იშვიათად გვხვდება.

სქესის თვალსაზრისით, ქალებში უფრო ხშირია დეპრესიული  და შერეული მდგომარეობა, ხოლო მამაკაცებში მანიაკალური, თუმცა, ამ განსხვავების კონკრეტული განმაპირობებელი ფაქტორები უცნობია.

რით განსხვავდება ციკლოთიმია ბიპოლარული I და II ტიპებისგან?

ციკლოთიმიას ვუწოდებთ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი არც გამოხატულად ცუდადაა, მაგრამ არც საკმარისად კარგად იმისთვის, რომ სრულიად ჯანმრთელი ეწოდოს. ეს არის ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც მინიმუმ 2 წლის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს, რათა დიაგნოზის დასმის უფლება გვქონდეს. როდესაც ორი წლის მანძილზე ადამიანი არასდროს არ არის კარგად, არ ახსენდება არცერთი ნათელი პერიოდი და, საპირისპიროდ, არც მკვეთრი დეპრესიული პერიოდი არსებობს, სავარაუდოდ, საქმე ციკლოთიმიასთან გვაქვს. ხშირია, როცა კრიტერიუმები ნაწილობრივ აკმაყოფილებს დეპრესიის კრიტერიუმებს, მაგრამ არასაკმარისია იმისთვის რომ მსგავსი დიაგნოზი დაისვას. შეიძლება იყოს მონაცვლეობა, მაგრამ მშვიდი ეპიზოდების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს.

საბოლოო ჯამში, ეს ადამიანის ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად აუარესებს. მაგალითად, ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის ფონზეც ფსიქიატრი თვლის, რომ ეს არის კლინიკური მდგომარეობა და ჩარევაა საჭირო, არის ადამიანის უუნარობა, შეასრულოს ჩვეული საქმიანობა. რაც უფრო გახანგრძლივებულია ციკლოთიმიური მდგომარეობა, მით უფრო უკან მიდის პაციენტის საქმე.

თქვენ მიერ აღწერილი ბიპოლარული II აშლილობის სიმპტომები ძალიან ჰგავს უნიპოლარულ დეპრესიას, რა განსხვავება და მსგავსებაა ამ ორი ტიპის აშლილობას შორის?

როდესაც ადამიანს აქვს დეპრესიული სინდრომი, ანუ უნიპოლარული დეპრესია, დაწეული გუნება-განწყობის მიმართ მუდმივი, უცვლელი მიდრეკილება არსებობს – ადამიანი მუდმივად წუხს, ყოველგვარი ჰიპომანიაკალური ეპიზოდების გარეშე. მეორე მხრივ, ბიპოლარული II აშლილობა ხასიათდება არასტაბილური მდგომარეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანგრძლივ დეპრესიულ პერიოდებთან ერთად, გვაქვს ხანმოკლე ამაღლებული, ან ნორმალიზებული, ე.წ. ჰიპომანიაკალური ეპიზოდები. უნიპოლარულ დეპრესიასა და ბიპოლარული II ტიპის აშლილობას შორის განსხვავების დასანახად და სწორი დიაგნოზის დასასმელად, ძალიან კარგად უნდა ჩავეძიოთ პაციენტის ანამნეზში.  

აქვე, დიაგნოზის დასმის მომენტში, ბიპოლარული II ტიპისა და დეპრესიის განცალკევებით მკურნალობის მეთოდების თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია. როდესაც ადამიანი მოდის დეპრესიული ეპიზოდით, თუ ფსიქიატრმა მის წარსულში ჰიპომანიაკალური მდგომარეობა ვერ აღმოაჩინა და დაუნიშნა ანტიდეპრესანტები – როგორც ზოგადი დეპრესიის შემთხვევაში ვიქცევით – შეიძლება, ძალიან მალე პაციენტს მანიაკალური ეპიზოდი დაეწყოს და სიტუაცია საერთოდ გამოვიდეს კონტროლიდან. ამიტომ, ძალიან სიღრმისეული ანალიზია ჩასატარებელი დიაგნოზის დასმამდე და მკურნალობის შერჩევამდე.

რა ფაქტორები განაპირობებს ან აძლევს ბიძგს ადამიანში ბიპოლარული აშლილობის განვითარებას?

საერთოდ, აფექტურ აშლილობებში ძალიან დიდი ხვედრითი წილი მოდის გენეტიკურ ფაქტორებზე. კერძოდ, ბიპოლარული აშლილობის ან/და ფსიქოზების შემთხვევები ადამიანის ოჯახსა და ახლო სანათესაოში, ხშირ შემთხვევაში, იმის მიმანიშნებელია, რომ შეიძლება მასთანაც განვითარდეს ეს მდგომარეობა.

მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფსიქოსოციალური ფაქტორები, პირველ რიგში, ბავშვობის დროინდელი. ნეიროგანვითარების პროცესში ნებისმიერი მავნე ზემოქმედება, რა თქმა უნდა, აფერხებს ფსიქიკის ნორმალურ განვითარებას. ფუნქციური ოჯახი ძალიან სერიოზული დამცავი მექანიზმია, რომელიც არა მხოლოდ აფერხებს ბიპოლარული აშლილობის განვითარებას, არამედ, განვითარების შემთხვევაში, იძლევა გარანტიებს, რომ პროცესი ძალიან მძიმედ არ წარიმართოს. მხარდამჭერი, გამგები ოჯახის შემთხვევაში, ძალიან ეფექტიანად შეიძლება ამ მდგომარეობის მართვა. თუ პაციენტი ადეკვატურ, მიმღებ გარემოში ცხოვრობს, ბიპოლარული აშლილობა მას ბედნიერად და სრულფასოვნად ცხოვრებაში ხელს ვერ შეუშლის. თუმცა, თუ სოციალური გარემო უარყოფით როლს თამაშობს, ეს დაავადების სიმწვავეზეც ისახება.

როგორია ბიპოლარული აშლილობის მკურნალობის გზები? მაგალითად, არის თუ არა ამ აშლილობისთვის ფსიქოთერაპია ისევე წარმატებული, როგორც დეპრესიისთვის? როგორია ფარმაკოთერაპია, ზოგადად და რამდენად წარმატებით არის შესაძლებელი დაავადების მართვა?

ყოველთვის ბევრად უფრო მომგებიანია, როდესაც ვიყენებთ მულტიდისციპლინურ ჩარევას. ეს ნიშნავს,რომ წამალი აუცილებელია, მაგრამ მარტო წამალი პრობლემას ვერ მოაგვარებს. რაც შეეხება მედიკამენტებს, მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურია. როგორც წესი, ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა უფრო ეფექტიანია, როდესაც გამოყენებულია მკურნალობის ყველა შესაძლო მეთოდი. თუ პროცესში ჩართულია როგორც ფსიქოთერაპია, ისე ფარმაკოლოგია, მკურნალობის ეფექტიანობა უფრო მაღალია. ბიპოლარულ აშლილობებში გასათვალისწინებელია ისიც, რომ, თუ მას ახლავს ფსიქოზი, მხოლოდ CBT-ით ან სხვა ქცევითი თერაპიებით ვერ შევძლებთ მის დამარცხებას, რადგან ფსიქოზური ნაწილის დართვის დროს ტვინში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება და მათ ნორმალიზებას მედიკამენტური ჩარევა სჭირდება. ვითვალისწინებთ პაციენტის სურვილსაც: ზოგ შემთხვევაში მათ თავადვე ურჩევნიათ მედიკამენტოზური მკურნალობა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი: დაავადების განმეორებით გამწვავებისგან თავიდან ასარიდებლად, სასურველია ფსიქოთერაპიაც. პირველ რიგში, დაავადების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

რაც შეეხება მედიკამენტურ თერაპიას, ბიპოლარულის სამართავად, როგორც წესი, გამოიყენება გუნება-განწყობის რეგულატორები, ან ანტიფსიქოზური მედიკამენტები. ესეც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სიტუაციასა და მდგომარეობაზე. მაგალითად, ორსულის შემთხვევაში შეიძლება უკეთესი იყოს ანტიფსიქოზური მედიკამენტების დანიშვნა, რადგან გუნება-განწყობის რეგულატორებს გარკვეული ნეგატიური ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეთ ნაყოფზე.

განსხვავებულია მკურნალობის ხანგრძლივობა. ფსიქიატრის მიზანი ორგვარია: გამწვავებული მდგომარეობის მოხსნა და შემდგომი სიტუაციის ნორმალიზებაზე ზრუნვა. მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს მედიკამენტოზური მკურნალობა, რათა რელაფსი არ მივიღოთ. თუმცა, აქ ისიც უნდა ითქვას, რომ თუ მდგომარეობა მეორეჯერაც გამწვავდება, მაშინ მკურნალობის შეჩერება ვერ იქნება გამოსავალი და ის გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე.

 

კომენტარები