ბელარუსი

ტიხანოვსკაია: შემოუერთდით გლობალურ პროტესტს ბელარუსის აქციების დაწყებიდან ერთი წლისთავზე

სვეტლანა ტიხანოვსკაია
AFP

ლიტვაში გაქცეულმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, 29 მაისს ბელარუსის დემოკრატიული მოძრაობისთვის გლობალური სოლიდარობის დღე გამოაცხადა. 

მან ხალხს მოუწოდა, რომ ბელარუსის არაძალადობრივი პროტესტის დაწყებიდან ერთი წლისთავზე ბელარუსების მხარდასაჭერად შემოუერთდნენ გლობალურ მსვლელობას. 

"29 მაისს შემოუერთდით ბელარუსის სოლიდარობის გლობალურ პიკეტს! ამ დღეს აღვნიშნავთ ბელარუსში არაძალადობრივი პროტესტის და ასევე ჩვენს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სასტიკი რეპრესიების დაწყების ერთი წლისთავს. მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ მამაცი ბელარუსების თავისუფლებისთვის ბრძოლას". - წერს სვეტლანა ტიხანოვსკაია.

ასევე, ერთი წლის წინ ამ დღეს არასანქცირებულ პროტესტში მონაწილეობისთვის დააკავეს ტიხანოვსკაიას ქმარი, სერგეი ტიხანოვსკი. მას სურდა, რომ 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, თუმცა ის უკვე ერთი წელია, დაკავებულია და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ტიხანოვსკაია და სხვა პოლიტიკოსები ბელარუსის დიასპორასთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა, მისი თქმით, მთავარია, ამ დღეს ბელარუსებმა ქვეყანაში ერთმანეთს დაუჭირონ მხარი ყველა საშუალებით: ქუჩებში მსვლელობებით, სიმბოლოებით, პოლიტიკური პატიმრებისთვის წერილების გაგზავნით.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმს "დაჟინებით მოუწოდონ" ძალადობის დასრულებისკენ, წამების შეწყვეტისკენ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და კვლავ ლიტვაში იმყოფება. გასულ წელს ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. 2021 წლის აპრილში ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების საბჭომ სვეტლანა ტიხანოვსკაია ტერორისტთა სიაში შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, ბელარუსსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვა ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის, დაკავებას მოჰყვა. 23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პროტასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პროტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს ასევე შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რომან პროტასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.

კომენტარები