ბელარუსი

ბელარუსის KGB-მ ქვეყნის ოპოზიციის ლიდერი ტერორისტთა სიაში შეიყვანა

სვეტლანა ტიხანოვსკაია
deutschland.de

ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების საბჭომ ქვეყნის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც ამჟამად ლიტვაში იმყოფება და ასევე, სხვა 15 პირი ტერორისტთა სიაში შეიყვანა.

ტიხანოვსკაიას მრჩეველი, ფრანკ ვიაჩოკრა, წერს, რომ ტიხანოვსკაიას ბრალს სდებენ ტერორისტული აქტის მომზადებაში, რაც სამუდამო პატიმრობით ან სიკვდილით ისჯება. 

"როდესაც სვეტლანა ტიხანოვსკაია მიიღებს ნობელის პრემიას, ის იქნება პირველი "ტერორისტი"  მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოებული". – დასძინა მან

სიაში მოხვდნენ ქვეყნის ყოფილი დიპლომატი და კულტურის მინისტრი, პაველ ლატუშკა, რომელიც ახლა პოლონეთში ცხოვრობს, ასევე, ცნობილი ბლოგერი, ანტონ მოტოლკო. მოტოლკოს შექმნილია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტელეგრამის არხი ბელარუსში 138 000-ზე მეტი გამომწერით. ამ სიაში ასევე შეიყვანეს რამდენიმე პოლიციის ოფიცერი, რომლებიც ოპოზიციას შეუერთდნენ. 

მომხდარს გამოეხმაურა ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი:

"დიქტატორი KGB-ს აპარატით ყოველდღე ამზადებს და აღასრულებს ტერორიზმის აქტებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ის [ლუკაშენკო] ტერორისტებს არასწორ ადგილას ეძებს. მარტივი იქნებოდა სარკეში ჩაეხედა".

ამჟამად ტიხანოვსკაია ლუკაშენკოსთან ან მის შიდა წრესთან მოლაპარაკებებს ესწრაფვის. მას მხარს უჭერს აშშ, რომელმაც შესაძლოა დამატებითი სანქციები დაუწესოს ბელარუსის 9 მთავარ ნავთობქიმიურ კომპანიას, თუ მინსკი პოლიტიკურ პატიმრებს არ გამოუშვებს და 26 აპრილამდე ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს არ დათანხმდება. 

30 მარტს ბელარუსის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე გახსნა ბელარუსის ოპოზიციიის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას წინააღმდეგ. ის ეჭვმიტანილია ტერორისტული აქტის მომზადებაში. 

6 მარტს ლიტვამ ბელარუსს ტიხანოვსკაიას ექსტრადიციაზე უარი უკვე განუცხადა.

ბელარუსის გენერალური პროკურატურის სამსახურმა 5 მარტს გამოსცა განცხადება, რომ ტიხანოვსკაიაზე ძებნაა გამოცხადებული "იმ დანაშაულების გამო, რომლებიც ჩაიდინა საზოგადოებრივი წესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ".


9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და კვლავ ლიტვაში იმყოფება. გასულ წელს ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

კომენტარები