ტექნოლოგიური გიგანტები

არაკანონიერი გზებით ფასების ხელოვნურად ზრდის გამო, AMAZON-ს სასამართლოში უჩივიან

ჯეფ ბეზოსი

ვაშინგტონის გენერალური პროკურორი, კარლ რასინი Amazon-ს ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და კოლუმბიის ოლქის სასამართლოს სარჩელით მიმართავს, რომლის მიხედვით, კომპანია ხელოვნურად ზრდის პროდუქტების ფასებს, რითაც მომხმარებლებსა და საცალო მოვაჭრეებს აზარალებს. 

რასინის განმარტებით, Amazon-ი არაკანონიერი მეთოდებით ცდილობს კონკურენციის შეზღუდვას და ინოვაციის შეფერხებას, ამ მიზნის მისაღწევად კომპანია ერთგვარ ფასების ქვედა ნიშნულს აწესებს ანუ მოვაჭრეებს უზღუდავს ფასების თავისუფლად დადგენის შესაძლებლობას. 

გარდა ამისა, პლატფორმის გამოყენების მსურველებს უწევთ Amazon-ის წესდებაზე დათანხმება, რომელიც კონკურენტ პლატფორმებზე იმავე პროდუქტის უფრო დაბალ ფასად განთავსებას კრძალავს.

Amazon-ის ბიზნესმოდელი, ძირითადად, სავაჭრო პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტების გაყიდვიდან მიღებულ საკომისიო შემოსავალზეა მორგებული. მაღალი ფასების დაწესებით კი კომპანიის შემოსავლები იზრდება. 

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას ან საცალო მოვაჭრეს სურს პროდუქტის Amazon-ის დადგენილ ქვედა ნიშნულზე უფრო იაფად გაყიდვა, მაშინ მას მოუწევს წესდების დარღვევა, რასაც მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო პლატფორმიდან გაძევება მოჰყვება.

მსგავსი ტაქტიკის გამოყენების საშუალებას Amazon-ს ბაზრის დომინანტი პოზიცია აძლევს, ვინაიდან კომპანია ინტერნეტ ვაჭრობის თითქმის 70%-ს აკონტროლებს. 

ექსპერტების განმარტებით, Amazon-ს აქვს ერთგვარი მონოპოლიური ძალაუფლება, რომელიც კომპანიას მსგავსი ანტიკონკურენტული მეთოდების გამოყენების საშუალებას აძლევს.   
 

კომენტარები