ნამახვანჰესი

აქტივისტი: LGBTQ სამკლაურის გამო აქციიდან გამომაგდეს, რას გავხარო, მეძახდნენ [VIDEO]

ლგბტქ+ სამკლაურის გამო სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციიდან პუტინისტური, ჰომოფობიური ჯგუფის წევრებმა გამოაგდეს. 

სალომე ბარკერის თქმით, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა მას უთხრა, რომ სიმბოლიკა მოეხსნა, რაზეც მან უარი თქვა, რასაც მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა. 

"ულტიმატუმის დრო რომ მთავრდებოდა, მაგ დროს მოვედი აქ, ვიფიქრე, რომ მაგ დროს სიტუაცია დაიძაბებოდა და დასჭირდებოდათ მხარდამჭერი ხალხი. ვიდექი ჩემთვის წყნარად, აბსოლუტურად მშვიდად და უცბად არსაიდან გაჩნდა გურამ ფალავანდიშვილის ბიჭი, რომელიც ასე მოვიდა და მითხრა, ეს მოიხსენიო, რაზეც მე ასევე წყნარად ვუთხარი, რომ არ მოვიხსნიდი, იმიტომ, რომ ორი წელია, მიკეთია ყველგან, სახლში, აქციაზე და სადაც მინდა. ვუთხარი, რომ არა-მეთქი, არ მოვიხსნი. ამ ადამიანმა ატეხა ერთი ამბავი, გვეძახეს პროვოკატორები, ვიღაცამ მომიწოდა, რომ ტრუსიკით ნუ ვარ აქციაზე და ჩავიცვა შარვალი. ვიღაცამ დამიძახა, რომ რას ვგავარ. ვიღაცამ ამიკრძალა ლაპარაკი. ახლა თქვენ [მედიას] რომ გელაპარაკებით, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ მე აქ პროვოკაციას ვდგამ. გამომადგეს აქციიდან, აქ ნუ დგახარო, მითხრეს და ინტერვიუს ნუ აძლევო. 

ძალიან მრცხვენია. მე აქ მხარდასაჭერად მოვედი და არაფერი მსგავსი არ მინდოდა, რაც ახლა აქ მოხდა. მოკითხონ იმ ადამიანებს, ვინც იქ ჰყავთ მხარდამჭერებად. აგრესიული ხალხია და რადგან აგრესიულები არიან, გამოვერიდე". – თქვა სალომე ბარკერმა. 


მეორე დღეა, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება. საპროტესტო აქცია გუშინ, 23 მაისს დაიწყო. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა  ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 24 მაისს 12:00 საათამდე მისცა.

მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

 

კომენტარები