ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

წულუკიანი ნინოწმინდაზე: თუ რაიმეა, უწყება ეკლესიასთან თანამშრომლობით გამოასწორებს

თეა წულუკიანი

"თუ რაიმეა გამოსასწორებელი, შესაბამისი უწყება გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით". - ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას.  

გუშინ, 19 მაისს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონის მონიტორინგის საშუალება კვლავ არ მიეცათ. ომბუდსმენის განცხადების მიხედვით, ბავშვები არც სკოლაში მივიდნენ.

"სახელმწიფოს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები ნინოწმინდაში და ყველა სახლში, რომელსაც მართავს ესა თუ ის ეპარქია, უპრობლემოდ შედიან. ჩვენ ვიცით, რომ სოციალური მუშაკები იქაც იყვნენ და ვიცით მათი ვიზიტის შედეგები. თუ რაიმეა გამოსასწორებელი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ამას გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით. 

მე პირადად, ამ სახლს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ ბათუმში მსგავს დაწესებულებას, რომელიც, მინდა გითხრათ, რამდენჯერაც ვყოფილვარ, იქ არცერთი პრობლემა, როგორც ადამიანის უფლებების სპეციალისტს, არ დამინახავს. ნინოწმინდას არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ სოციალური მუშაკები ბრძანდებოდნენ და სახალხო დამცველი რომ გამოჯანმრთელდება, თუ მასაც დაუშვებენ იმ სახლში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება". - ამბობს წულუკიანი. 

15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.   

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

კომენტარები