ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

დროა: სახელმწიფო უგულებელყოფს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს, მათ უფლებებს

Ombudsman

პოლიტიკური მოძრაობა დროა ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ომბუდსმენის არ შეშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, სახალხო დამცველის რწმუნებულები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში უკვე მეორედ არ შეუშვეს, რაც სახელმწიფოს მხრიდან პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებების უგულებელყოფაა და მთავრობა უარს ამბობს გაეროს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

"საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები უკვე მეორედ არ შეუშვეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში.

წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო უგულებელყოფს პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს, მათ უფლებებს და პირდაპირ უარს ამბობს გაეროს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე.

შეგახსენებთ, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება. კომიტეტმა სახელმწიფოს დაავალა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მდგომარეობის დაუყოვნებლივი შემოწმების უზრუნველყოფა.

ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. მაღალი სასულიერო იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ შეუშვებენ ომბუდსმენის წარმომადგენლებს დაწესებულებაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპატრიარქო არ აღიარებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ხელს აფარებს საპატრიარქოს. საბოლოო ჯამში, ასეთ მახინჯ პრაქტიკას ეწირება 60-მდე ბავშვის უსაფრთხოება, რადგან ცნობილია, რომ პანსიონი ვერ აკმაყოფილებს მსგავსი დაწესებულების ლიცენზიისთვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს.

პოლიტიკური მოძრაობა დროა კატეგორიულად მოითხოვს სახელმწიფოსგან, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და შეასრულოს, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე გაეროს მიერ დაკისრებული ვალდებულებები".

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 


15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.   

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

კომენტარები