სასამართლო კლანი

ჯანეზაშვილი: იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის შვილი შეიძლება მოსამართლედ დანიშნონ

კომერსანტი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოში არსებულ ნეპოტიზმსა და კლანურ მმართველობაზე კვლავ საუბრობს. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ალექსანდრე გზირიშვილის, რომელიც ლევან გზირიშვილის შვილია, შესაძლოა, მოსამართლედ დაინიშნოს. ლევან გზირიშვილი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრია. 

"საქართველოს პარლამენტმა ლევან გზირიშვილი არამოსამართლე წევრად აირჩია 2017 წელს. მათ შორის ვიყავი მეც და სხვა არამოსამართლე წევრებიც. 2018 წელს მისი შვილი იწყებს მუშაობას თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელსაც იქამდე არასდროს უმუშავია. შედეგად, 4 წლის თავზე, უკვე როდესაც ერთ თვეში ვადა გვეწურება ყველას, ის იღებს სარგებელს, კეთილდღეობას, თავისი პირადი და ოჯახური ინტერესებისთვის". –ამბობს ჯანეზაშვილი ფორმულასთან საუბარში და აღნიშნავს, რომ "სავარაუდოდ, კლანი ამით აგზავნის დემონსტრაციულად მესიჯს საზოგადოებისა და ახალი არამოსამართლე წევრებისთვის, რომ თუ თქვენ დაგვიჭერთ მხარს და იქნებით ჩვენთან მიმართებაში ლოიალურები, მისცემთ ხმას ჩვენს გადაწყვეტილებებს, მაშინ ჩვენგანაც მიღებთ გარკვეულ მნიშვნელოვან სარგებელს". 

ჯანეზაშვილს დიმიტრი გვრიტიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და ჯანეზაშვილმა აღნიშნული უნდა დაამტკიცოს. 

"როცა ცდილობს ქალბატონი ჯანეზაშვილი ნეპოტიზმის ფაქტის დამტკიცებას, მან არამხოლოდ იმ უდავო ფაქტზე უნდა მიუთითოს, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის შვილი ლევან გზირიშვილის, არამედ მან დამატებით უნდა დაამტკიცოს, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის უღირსი, არასათანადო კვალიფიკაციის იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს კანონის მოთხოვნები, რომ მოსამართლედ გამწესდეს, რაც არათუ დაამტკიცა, არც უცდია". – ამბობს გვრიტიშვილი. 

კომენტარები