დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ბაიდენი ისრაელსა და ღაზის სექტორში დაძაბულობის ფონზე ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს

ჯო ბაიდენი და ბენიამინ ნეთანიაჰუ. ისრაელი. 2010 წელი.

17 მაისს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა. ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე სატელეფონო საუბარში ბაიდენმა ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

ამასთან ერთად, ჯო ბაიდენი კვლავ მტკიცედ მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვის უფლებას სარაკეტო თავდასხმების წინააღმდეგ.

"პრეზიდენტმა გამოხატა მისი მხარდაჭერა ცეცხლის შეწყვეტისკენ და ამისთვის განიხილა აშშ-ს ჩართულობა ეგვიპტესა და სხვა პარტნიორებთან. ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ მათ და მათ გუნდებს მჭიდრო კავშირი ექნებათ". – ვკითხულობთ თეთრის სახლის განცხადებაში. 

სატელეფონო საუბარში ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ განიხილეს ისრაელის სამხედრო ოპერაციები ჰამასისა და ღაზის სექტორში სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ. 

პრეზიდენტი ბაიდენი მიესალმება ინტერკომუნალური ძალადობის მოგვარებისა და იერუსალიმში სიმშვიდის დამყარების ძალისხმევას. ბაიდენმა ისრაელს მოუწოდა, ყველანაირად ეცადოს, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები დაიცვას.

10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში მინიმუმ 197 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 47 ბავშვი. ისრაელში დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

16 მაისს ბენიამინ ნეთანიაჰუმ, თქვა, რომ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშის მიტანას გააგრძელებს მანამდე, სანამ საჭირო იქნება.

გაეროს უშიშროების საბჭოზე აშშ-ს ელჩმა, ლინდა ტომას გრინფილდმა, თქვა, რომ აშშ დიპლომატიური არხებით დაუღალავად მუშაობს, რათა კონფლიქტი დასრულდეს.

15 მაისს The Times of Israel დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ანონიმურად წერდა, რომ ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის შეთანხმება, შესაძლოა, რამდენიმე დღეში შედგეს.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.  

კომენტარები