დაპირისპირება დმანისში

სოლიდარობის პლატფორმა: დმანისის მოვლენები კარგად წარმოაჩენს სახელმწიფოს უსუსურობას

დმანისი

სოლიდარობის პლატფორმა დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ორგანიზაციის თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები კარგად წარმოაჩენს სახელმწიფოს უსუსურობას და იმ პოლიტიკის შედეგს, რასაც ხელისუფლება წლების განმავლობაში ატარებს.

"ბოლო ორი დღის განმავლობაში დმანისში განვითარებული მოვლენები კარგად წარმოაჩენს სახელმწიფოს უსუსურობას, მრავალწლიანი გამრიყავი პოლიტიკის, გამაუცხოებელი  რიტორიკის, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის კედლების მშენებლობის, პრივილეგირებულ და ნაკლებად პრივილეგირებულ მოქალაქეებად დაყოფის, ძალადობის წახალისების, კრიმინალთან კოჰაბიტაციის, სიძულვილის ენის, დაუსჯელობის და უსამართლობის უმძიმეს სოციალურ შედეგს". – წერია განცხადებაში

სოლიდარობის პლატფორმის თქმით, ხელისუფლება მომხდარ დაპირისპირებას ზედაპირულად უყურებს და არ ცდილობს კონფლიქტის რეალური მიზეზების ძიებას, რაც დაეხმარებოდა დაპირისპირების შემდგომ პრევენციას და შერიგების პროცესს.

"ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ წარმოებული მრავალწლიანი პოლიტიკა, უცხო ქვეყნებზე საკუთარი მოქალაქეების მიბმა და უსაფრთხოების ჭრილში დანახვა ხელს უწყობს საზოგადოებაში გაუცხოებისა და გარიყულობის პრაქტიკის გაძლიერებას. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელიც გულისხმობდა აზერბაიჯანულენოვანი თანამოქალაქეების აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში დანახვას, მკაფიოდ წარმოაჩენს ხელისუფლების რეალურ დამოკიდებულებას საქართველოს არადომინანტი ჯგუფების მიმართ". – წერს სოლიდარობის პლატფორმა.

სოლიდარობის პლატფორმა სახელმწიფოს მოუწოდებს:

  • უზრუნველყოს რეალური სტაბილურობისა და მშვიდობის შექმნა დმანისში;
  • იმოქმედოს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპით, უსამართლობის გრძნობის აღმოსაფხვრელად და კრიმინალის წახალისების საწინააღმდეგოდ, პასუხი აგებინოს დაპირისპირების პროვოცირებაში ჩართულ ყველა დამნაშავეს, მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველყოფით.
  • შესაბამისი უწყებების ჩართულობით და დაპირისპირების რეალური მიზეზების აღიარებით, დაიწყოს კონფლიქტის მიზეზების გააზრება და მისი ტრანსფორმაცია, მშვიდობისა და ნდობის აღდგენის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობაში.
  • უარი თქვას საკუთარი მოქალაქეების უცხოებად მონიშვნასა და მეორე სახელმწიფოსთან დაკავშირებაზე, მათთან საუბრისას შეცვალოს უსაფრთხოებაზე დაფუძნებული რიტორიკა.                                                                             

    დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად რამდენჯერმე  დაუპირისპირდნენ. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ასევე, მობილიზებულები იყვნენ საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდნენ მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

    დმანისში კონფლიქტის მიზეზი 16 მაისს ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

    გუშინ, 17 მაისს, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ დმანისში მომხდარი ინციდენტი ამოწურულია და  დაპირისპირებული პირები შერიგდნენ, თუმცა, ადგილზე სამართალდამცველები რჩებიან.


 

კომენტარები