დაპირისპირება დმანისში

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დმანისში ჩავიდა

მთავარი არხი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დმანისში ჩავიდა. გომელაურის თქმით, გამოძიება დაწყებულია და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.

"ყველა, არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი ვინ იქნება, ყველა დაისჯება კანონით. არ მინდა იქ, რომელიმე ვახსენო ძალები და ჯგუფები, ეთნიკური დაპირისპირებაში გადაყვანის თემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელები თუ ქართველები, ესენი არიან ჩვენი მოქალაქეები, ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან ყველა და ამას არ დავუშვებთ პირველ რიგში და ყველა დაისჯება. ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში. დაწყებულია გამოძიება, გამოკითხვა მიმდინარეობს ახლა და ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და პროკურატურასთან ერთად ვმუშაობთ". – თქვა გომელაურმა.

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული არიან საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

კონფლიქტის მიზეზი 16 მაისს ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას.



 

კომენტარები