დაპირისპირება დმანისში

კობახიძე ჯაღმაიძეზე: ეკლესია მტრად აცხადებს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს

"ეკლესია, ფაქტობრივად, მტრად აცხადებს ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს, დმანისში არასახარბიელო ეთნიკური ბალანსიაო, წერს ეს დებილი ჯაღმაიძე". – თეოლოგი ბასილ კობახიძე დმანისის მოვლენების შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის პოსტს ეხმაურება. 

"დმანისის კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ ის შავბნელი ფსევდოპატრიოტიზმია, რომელსაც მამაოები ანთხევენ მთელს საქართველოში. ბრიყვი შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური კი გუშინ საპატრიარქოს მადლობას უხდიდა კონფლიქტის მოგვარებისათვის". – წერს კობახიძე.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დმანისს "არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონად" მოიხსენიებს. ამის შესახებ განცხადებას დეკანოზი ჯაღმაიძე საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად რამდენჯერმე  დაუპირისპირდნენ. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ასევე, მობილიზებულები იყვნენ საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდნენ მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

დმანისში კონფლიქტის მიზეზი 16 მაისს ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

17 მაისს, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ დმანისში მომხდარი ინციდენტი ამოწურულია და  დაპირისპირებული პირები შერიგდნენ, თუმცა, ადგილზე სამართალდამცველები რჩებიან.

კომენტარები