დაპირისპირება დმანისში

"ნისიაზე უარი ვუთხარი" – დმანისში ჩხუბში მონაწილეებს ამ დრომდე კითხავენ

დმანისში 16 მაისს მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ უკვე გამოკითხა მაღაზიის მეპატრონეც. მისი თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

"ოთხი ბიჭი მოვიდა. ლუდი უნდოდათ ნისიად. ვუთხარი, რომ ვერ გავატანდი, რადგან ადგილზე უფროსი არ იყო. შეურაცხყოფა მომაყენეს. მითხრეს, დამარტყამდნენ. ამ ხმაურზე ჩემი მამამთილი გამოვიდა და უთხრა, რომ ქალისთვის ხელის დარტყმა არ შეიძლებოდა. მათ მამამთილს ცემა დაუწყეს. პოლიციას გამოვუძახეთ. ჩვენებაც მივეცი. მოგვიანებით უკვე ამ ბიჭებთან ერთად 40-მდე ახალგაზრდა მოვიდა. ხელკეტებით იყვნენ. ყველაფერი დალეწეს”. –  უთხრა მაღაზიის გამყიდველმა ჟურნალისტებს.

Facebook-ზე გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან. დმანისის მერის, გიორგი ტატუაშვილის ინფორმაციით, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის "ყოფით ნიადაგზე" მოხდა. 

"ამ დროისთვის სიმშვიდეა. არანაირი პრობლემა აღარ არის. რაც შეეხება დაპირისპირების დროს დაშავებულებს, მძიმედ დაშავებული არავინ არის, მსუბუქი დაზიანებები შეიძლება ჰქონდათ, მაგრამ ახლა საავადმყოფოში არავინ იმყოფება. ამ დროისთვის სიმშვიდეა. კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცავები თავის საქმეს გააკეთებენ, გამოიძიებენ და შესაბმის რეაგირებას მოახდენენ“, - უთხრა ტატუაშვილმა ინტერპრესნიუსს.

კომენტარები