დაპირისპირება დმანისში

დმანისში დაპირისპირება გრძელდება – საზმაუს ცნობით, გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ

1tv.ge

დმანისში ვითარება ისევ დაძაბულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქში შესასვლელი გზა გადაკეტა, რასაც ადგილობრივებთან დაპირისპირება მოჰყვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დაპირისპირებაში მონაწილეები მათ გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ასევე, მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული არიან საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

კონფლიქტის მიზეზი 16 მაისს ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას.

კომენტარები