დაპირისპირება დმანისში

დროა ოცნებას: აღკვეთეთ დმანისში მიმდინარე დაპირისპირება, გამოიძიეთ განვითარებული პროცესები

დროა

პოლიტიკური მოძრაობა დროა დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, სადაც უკვე მეორე დღეა, მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. დროა ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ მომხდარზე ჰქონდეთ ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება და აღკვეთონ დაპირისპირება.

"პოლიტიკური მოძრაობა დროა ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს, აღკვეთოს და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს დმანისში ორი დღის მანძილზე მიმდინარე ძალადობრივ დაპირისპირებაზე. სწრაფად გამოიძიოს 16 მაისის საღამოდან განვითარებული პროცესები, რათა თავიდან ავირიდოთ დაპირისპირების გამწვავება და არასწორი ინტერპრეტაცია. 

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს ადგილზე არაფერი მნიშვნელოვანი და საგანგაშო არ ხდება, კიდევ უფრო ახალისებს დაპირისპირებასა და ძალადობას, რაც ყოვლად დაუშვებელია". – წერია განცხადებაში.

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული არიან საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

კონფლიქტის მიზეზი 16 მაისს ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას.

კომენტარები