დაპირისპირება დმანისში

მაჭარაშვილი: დმანისში ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის მასშტაბი არ უნდა გაიზარდოს

გურამ მაჭარაშვილი
mkhare.ge

ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა დმანისში მიმდინარე ამბებს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"მაქსიმალურად მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ ასეთი დაპირისპირებისგან, გამომდინარე იქედან, რომ დაწყებული კონფლიქტი ყოფით ცხოვრებასთან დაკავშირებით, რაც იყო დმანისში,  არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მისი გაზრდა, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა დმანისში, ისე შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ საზოგადოების დამშვიდებას, ამიტომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დამშვიდებისკენ, ვინაიდან არ არსებობს პრობლემა, რომელიც მოლაპარაკებით არ მოგვარდება". –  ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

​დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული არიან საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

16 მაისს დმანისში ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ. 

კომენტარები