LGBTQ თემი

GDI: დედაენის ბაღში მომხდარი ინციდენტი შსს-ს არასაკმარის ძალისხმევაზე მიუთითებს

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეხმაურება 15 მაისს დედაენის ბაღში ჰომოფობიურ ნიადაგზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს შსს-ს, ჰქონდეს მყისიერი და მკაცრი რეაგირება სამართალდარღვევის თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, რომელიც სცდება გამოხატვის თავისუფლების დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს უქმნის როგორც კონკრეტული ინდივიდების ფიზიკურ ხელშეუხებლობას, ასევე საზოგადოებრივ წესრიგს და მშვიდობიან თანაცხოვრებას.

"პოლიციამ ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერი თანმხლებ პირებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ განარიდა ინსტალაციის მიმდებარე ტერიტორიას. ამ დრომდე უცნობია, გატარდა თუ არა მის მიმართ რაიმე სამართლებრივი ღონისძიება". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების საპირისპიროდ, რომელიც 15-20 მაისს თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებს ეხებოდა, 15 მაისის ინციდენტი მიუთითებს შსს-ს არასაკმარის ძალისხმევაზე, სამართალდარღვევის აღკვეთასთან ერთად პასუხი აგებინოს ჰომოფობიურად განწყობილ პირებს.

"გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ღირებულებაა, რომლის ფარგლებშიც არსებობის უფლება მათ შორის არადემოკრატიულ და საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ სიძულვილით განმსჭვალულ მოსაზრებებსაც აქვთ. თუმცა მაშინ, როდესაც ამგვარი შეხედულებები გადადის აქტიურ მოქმედებაში  და ზიანდება ადამიანების ფიზიკური ხელშეუხებლობა ან მათი საკუთრება, სახელმწიფოს უჩნდება არათუ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება, დაიცვას ადამიანები ამგვარი თავდასხმებისგან. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ებრძოლოს ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს/სამართალდარღვევებს, ამავდროულად კი მისცეს ლგბტქ აქტივისტებს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა". – ნათქვამია განცხადებაში. 


დედაენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია "Welcome to the closet" გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. Tbilisi Pride-ის ცნობით, ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს.  

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ტაბულასთან საუბრისას იხსენებს, აქტივისტებმა ინსტალაცია დედაენის ბაღში დილიდან დადგეს და გურამ ფალავანდიშვილის მოსვლამდე არავითარი გართულება არ შექმნილა.  მისივე თქმით, პოლიცია ადგილზე მოგვიანებით მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინასწარ იყვნენ პერფორმანსის შესახებ გაფრთხილებულები. 

კომენტარები