ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე

შსს: 15-20 მაისის ღონისძიებებზე პოლიცია უსაფრთხოებას და გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 15-20 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა
სახის ღონისძიებები გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რაც, როგორც უწყებაში განმარტავენ,  კანონით დასაშვებ ფარგლებს არ გასცდება. მათივე ცნობით, ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

"საჯარო სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ორგანიზატორების წერილობითი მომართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთან კომუნიკაციისას განიხილა უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები და ღონისძიებების ჩატარების ალტერნატიული ადგილები, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიების გასამართი ადგილი უცვლელი დარჩა [...]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს. სამინისტრო დაიცავს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური შეხედულებებისა და კანონით გარანტირებულ სხვა უფლებებს". – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • საქართველოში 17 მაისის დღის გამოცდილებასთან დაკავშირებით წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები