პოლიტიკური კრიზისი

წერეთელი: უკვე ნათელია, რომ ამ შეთანხმებით პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ სრულდება

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის აზრით, ის, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასრულება შეთანხმებით არ ხდება, უკვე ნათელია. 

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი დასტური 13 მაისს სასამართლოში გიგი უგულავას საქმის პროცესის ჩანიშვნაა, რომელიც 2019 წელს, თბილისის აეროპორტში მასზე და გოკა გაბაშვილზე თავდასხმას უკავშირდება

"ის, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასრულება არ ხდება ამ შეთანხმებით, ეს უკვე არის  ნათელი და ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ძალიან შემაშფოთებელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მედიატორებისთვის, ჩვენი კოლეგებისთვის, ვინც უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას და ეს იყო  სწორედ ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ თავი შევიკავეთ ხელმოწერისგან და ახლა ვრწმუნდებით, რომ მართლაც, ეს პროცესი გრძელდება. ახლა ეს დასტურდება უკვე კონკრეტული ნაბიჯებით, ეს ეხება გიგი უგულავას საქმის ხელახალ გაცოცხლებას და განცხადებებს მაღალი თანამდებობის პირების, რომ ორი საქმე გასაგებია, მაგრამ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც იყო". – ამბობს წერეთელი. 

წერეთელი ირაკლი კობახიძესაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ თუ მელია უარს იტყვის ამნისტიაზე, მასზეც გავრცელდება სისხლისსამართლებრივი დევნა. მისი თქმით, ეს განცხადებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სერიოზული მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. 

"ეს განცხადებები, რაც ჩვენ გვესმის სრულიად შეუსაბამოა იმ მიზნებთან და სულისკვეთებასთან, რაც იყო შეთანხმებაში, მითუმეტეს ახალი შანტაჟი ნიკა მელიას მიმართ ეს საერთოდ აბსოლუტურად ამოვარდნილია ყველანაირი ჩარჩოებიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს უნდა გახდეს ძალიან სერიოზული მსჯელობის და კრიტიკის საგანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან". – ამბობს წერეთელი. 

კომენტარები