ჩეხეთი-რუსეთი

ჩეხეთი გეგმავს, იარაღის საწყობზე აფეთქებების გამო რუსეთისგან კომპენსაცია მოითხოვოს

"მკვლელი, ქურდი დიქტატორი" - ვლადიმირ პუტინის პოსტერი ჩეხეთში რუსეთის სალჩოს ჭიშკარზე. 2021 წ.
Petr David Josek/Associated Press

ჩეხეთი გეგმავს, ვრებეტიცაში იარაღის საწყობზე აფეთქებებთან დაკავშირებით რუსეთს ერთი მილიარდი კრონის (დაახლოებით 47 მილიონი დოლარი) ოდენობის კომპენსაცია მოსთხოვოს. ამის შესახებ ჩეხეთის სატელევიზიო გადაცემაში ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, ალენა შილეროვამ, ისაუბრა. საუბარი დიდწილად იმ ხარჯებზეა, რომლებიც აფეთქებების შემდეგ ტერიტორიის გაწმენდაზე დაიხარჯა და ბიუჯეტიდან იყო ანაზღაურებული.

ფინანსთა მინისტრის თანახმად, კონპენსაციას ჩეხეთი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აპირებს. ერთი მილიონი კრონი საწყისი თანხაა, ჩეხური მედიის თანახმად, ზარალის დაზუსტების შემდეგ მოთხოვნილი თანხის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ხელისუფლება გეგმავს, კომპენსაციასთან დაკავშირებული სარჩელი უახლოეს კვირებში მოამზადოს.

ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატმა, ონდრჟეი ბენეშიკმა, თქვა, რომ ჩეხეთისთვის რთული იქნება რუსეთისგან კომპენსაციის მიღება, თუმცა აღნიშნა, რომ პროცესი უნდა დაიწყოს, თუნდაც, იმის საჩვენებლად, რომ ჩეხეთის "ამას არ მოითმენს".

ვრებეტიცაში იარაღის საწყობზე აფეთქებები 2014 წლის 16 ოქტომბერსა და 3 დეკემბერს მოხდა. პირველი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მეორეს - მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქებების შემდეგ ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. 

აფეთქებებთან დაკავშირებით ჩეხეთმა ჯაშუშობისთვის რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა ქვეყნიდან. ჩეხური მხარის ცნობით, დიპლომატიური კორპუსის გაძევებული წარმომადგენლები რუსული სპეცსამსახურების, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსა (GRU) და საგარეო დაზვერვის თანამშრომლები არიან. ვრებეტიცაში საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებებთან კი GRU დაკავშირებულია. რუსეთმა პრაღის ბრალდებებს აბსურდი უწოდა და საპასუხოდ 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

პრაღისადმი სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები გააძევეს ბალტიის ქვეყნებმა და რუმინეთმა. ჩეხეთის პრემიერმინისტრმა ანდრეი ბაბიშმა 8 მაისს ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად, გაეძევებინათ ერთი რუსი დიპლომატი მაინც.

კომენტარები