აშშ-ჩინეთი

ბლინკენი: ჩინურ ინვესტიციებთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ

ენტონი ბლინკენი
France 24

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, თქვა, რომ დასავლეთი თავის ეკონომიკაში ჩინურ ინვესტიციებს  ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა დაიხიოს თუ არა დასავლეთმა უკან ჩინური ინვესტიციებისგან, ბლინკენმა უპასუხა, რომ აშშ ჩინეთის შეკავებას არ ცდილობს, თუმცა დასავლეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნება უნდა. 

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ ინვესტიციებთან დაკავშირებით. თუ ისინი ინვესტიციას დებენ სტრატეგიულ ინდუსტრიებში, სტრატეგიულ აქტივებში, ქვეყნებმა ამას ძალიან ფრთხილად უნდა შეხედონ". - ბლინკენი პასუხობს ჟურნალისტს, რომელმაც მას დასავლეთში ჩინური ინვესტიციების დიდი რაოდენობის შესახებ ჰკითხა.

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ლონდონში გამართულ სამიტზე ყველაზე დიდ საფრთხედ და გამოწვევად ჩინეთი, რუსეთი და კორონავირუსის პანდემია დაასახელეს.

ოფიციალური განცხადებით, ჩინეთი დამნაშავეა ადამიანის უფლებების დარღვევაში და თავის ეკონომიკურ გავლენებს ბოროტად იყენებს.

დიდი შვიდეულის თანახმად, გაძლიერდება კოლექტიური ძალისხმევა ჩინეთის "იძულებითი ეკონომიკური პოლიტიკის" და რუსული დეზინფორმაციის შეჩერებისთვის. 

"კოლექტიურად ვიმუშავებთ, რათა გავაძლიეროთ გლობალური ეკონომიკის მდგრადობა თვითნებური და იძულებითი ეკონომიკური პოლიტიკისა და პრაქტიკის წინააღმდეგ". - თქვეს დიდი შვიდეულს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჩინეთზე.

5 მაისს ჩინეთზე საუბრისას აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ, თქვა, რომ მსოფლიო, სავარაუდოდ, პოტენციური საერთაშორისო არასტაბილურობის ხანაში შედის. 

"ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ აშშ უდავო სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა იყო, თუმცა ჩინეთის აღზევებით ეს იცვლება და იცვლება სწრაფად. საერთაშორისო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის და ცივი ომის შემდეგ მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშეა აშშ-ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების სფეროებში. ჩვენ შევდივართ პოტენციური საერთაშორისო არასტაბილურობის პერიოდში". –  თქვა მილიმ ჰოვარდის უნივერსიტეტში.

მარტში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს ურთიერთობა ჩინეთთან საუკუნის "უდიდესი გეოპოლიტიკური გამოცდაა" მსოფლიოში. პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეჯიბრებიან ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს, რათა 21-ე საუკუნე მოიგონ.

კომენტარები