დავითგარეჯის საქმე

ვოლსკი მელაშვილზე: სახელმწიფოს იმ აუცილებლობაში აყენებს, სასულიერო პირებზე ზომები მიიღონ

გიორგი ვოლსკი

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი  დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აზერბაიჯანთან დემარკაცია-დელიმიტაციის საბჭოს ყოფილ ექსპერტზე, ივერი მელაშვილზე და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება.

ვოლსკის თქმით, მელაშვილის გამოჩენა ზოგადად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, პროვოკაციაა. მისივე თქმით, ახლა საქმე უფრო სერიოზულ პროვოკაციასთან გვაქვს, როცა მელაშვილი სახელმწიფოს იმ აუცილებლობის წინაშე აყენებს, რომ სასულიერო პირების მიმართ გარკვეული ზომები მიიღოს. 

"პროვოკაციაა ივერი მელაშვილის გამოჩენა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე, ვთქვათ, სავაჭრო ცენტში, კონკრეტულ ტელევიზიასთან ერთად, მაგრამ უფრო სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ, როცა ერთის მხრივ სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ, მეორე, გაგრძელდეს ეკლესიის დისკრედიტაცია და მესამე, დაპირისპირების ახალი კერა შეიქმნას როდესაც ადამიანი, ვინც აცხადებდა, რომ საქართველოს არ განეკუთვნება დავითგარეჯის ტერიტორია, ეს ადამიანი იქნეს გამოყენებული ამ პროვოკაციის გაჩაღების მიზნით.  შემიძლია მოგილოცოთ, ეს მიზანი თქვენ წარმატებით განახორციელეთ". - ამბობს ვოლსკი. 


4 მაისს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტმა, გვანცა წულუკიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავითგარეჯის ტერიტორიაზე ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის ცნობით, ივერი მელაშვილზე ფიზიკურად არ უძალადიათ, თუმცა, მთავარი არხის ჟურნალისტის ცნობით, ნაცემია ოპერატორი და დამტვრეულია კამერა. 

"მე ვფიქრობ რომ ეს ადამიანები, გინდ სოფლის მოსახლეობა, ესენი არიან უბრალოდ შეცდომაში შეყვანილები. ზოგი შეიძლება იყოს პროვოკატორი, მაგრამ არა, ესენი უბრალო ადამიანები არიან და ჩაუდო ვიღაცამ თავში, რომ მელაშვილი გამყიდველია, მელაშვილმა რაღაც გადასცა და გაყიდა, სინამდვილეში ამდაგვარი არაფერი არ მომხდარა".- ამბობს მელაშვილი და აღნიშნავს, რომ ისინი შეცდომაში ხელისუფლებამ შეიყვანა. 


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები