პოლიტიკური კრიზისი

ვის შეეხება 20 ივნისის ამნისტია  – ქართული ოცნების კანონპროექტი

პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

კანონპროექტის ამ ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა, ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.

ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე და ასევე არ ეხება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგ მუხლებს: 117-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და  144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს - წამება, მუქარა, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა

კანონპროექტში არ წერია არაფერი დაზარალებულის თანხმობის შესახებ. ქართული ოცნების ვერსიას უცვლელად გთავაზობთ:

მუხლი 1.

1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულიამსჯავრდებულს არ დაუბრუნდება.

მუხლი 2.

ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,  144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე

მუხლი 3.

1. გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის, მათ შორის ძებნილი ბრალდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში იღებს შესაბამისი პროკურორი. პირის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.

2. სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე ბრალდებულის, მათ შორის ძებნილი ბრალდებულის, ასევე მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით

გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს სასამართლო სხდომაზე ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, იღებს შესაბამისი სასამართლო. პირის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.

3. თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის:

ა) პენიტენციურ დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში;

ბ) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან პრობაციის რეჟიმში იმყოფება.

5. ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს სასამართლო სხდომაზე ამ კანონით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს:

ა) სააპელაციო სასამართლო, თუ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით;

ბ) უზენაესი სასამართლო, თუ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

6. თუ ძებნილ მსჯავრდებულს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, მის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს გენერალური პროკურატურა.

მუხლი 4.

1. პირის მიმართ, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სამართალწარმოება გრძელდება. ეს პირი სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი

გამოაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დაუცველად, სასჯელის დანიშვნით. აღნიშნული განაჩენი საჩივრდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

2. პირს, რომლის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიხმოს თავისი უარი ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე. თუ აღნიშნული უარი გამოხმობილი იქნა:

ა) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს სხდომაზე იღებს შესაბამისი სასამართლო;

ბ) სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის:

ა) პენიტენციურ დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში;

ბ) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან პრობაციის რეჟიმში იმყოფება.

მუხლი 5.

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიისადმი დაქვემდებარებული დანაშაულის ჩადენისათვის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაწყების შემთხვევაში, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა იწყება ბრალის წაყენების მომენტიდან.


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, დღეს, 27 აპრილს პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

ოპოზიციის იმ ნაწილის მტკიცებით, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამნისტია არ გავრცელდება ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ  მუხლებზე, "ანუ ჯალათებზე". მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ამნისტია გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, თუმცა მათივე მტკიცებით, დაცული იქნება კონვენციური სტანდარტები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან. 

კომენტარები