ვაქცინაცია საქართველოში

ცერცვაძე: სინოფარმი მძიმე შემთხვევების პრევენციაში 79%-ით ეფექტურია, 5-დან 4 კაცს დაიცავს

ჩვენმა სახელმწიფომ შეიძინა ასი ათასი დოზა სინოფარმი. ვარაუდია, რომ მისი გამოყენება დაიწყება ოთხი მაისის შემდეგ. ელოდებიან ავტორიზაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, რომელიც უნდა ყოფილიყო 29-ში, მაგრამ რაღაც დამატებითი საბუთები მოითხოვეს და რამდენიმე დღე შეიძლება კიდევ გაგრძელდეს.

ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას აჩუქა ასი ათასი დოზა სინოვაკის ვაქცინა, მაგრამ ჯერ სინოვაკზე არ დაწყებულა რეგისტრაცია. ჯერ მასზეც ელოდებიან საერთაშორისო ავტორიზაციას. ვარაუდობენ, რომ სინოფარმი ცოტათი უფრო ადრე მიიღებს ავტორიზაციას, ვიდრე სინოვაკი.

[მძიმე შემთხვევების პრევენციისთვის] ფაიზერი 95 პროცენტს აღწევს, ხოლო დაავადების გადადების პრევენციისთვის - ნაკლებს. სინოფარმის ეფექტიანობა მძიმე ფორმების პრევენციისთვის აღწევს 79%-ს. ანუ ცოტა დაბალია, ვიდრე ფაიზერისა და ასტრაზენეკასი, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალია. ხუთიდან ოთხ კაცს დაიცავს. ეს დაახლოებით ისეთი დაცვაა, როგორიც აქვს გრიპის ვაქცინას. სინოვაკის პროცენტები ჯერჯერობით ბოლომდე დაზუსტებული არ არის. ჩატარდა რამდენიმე კვლევა. შემდეგი შეხვედრის დროს გვეცოდინება და გეტყვით. ახლა წარადგინეს საბუთები. რაც შეეხება უსაფრთხოებას, აქ პირიქითაა, ორივე ვაქცინა, სინოფარმიცა და სინოვაკიც ითვლება ძალიან უსაფრთხოდ, ჯერ პრაქტიკულად მასზე გვერდითი მოვლენები და მით უმეტეს სასიკვდილო შემთხვევები დაფიქსირებული არ არის. ასე რომ, ვინც გადაწყვეტს ჩინური ვაქცინის გამოყენებას, ამ მხრივ შეუძლია, მშვიდად იყოს

ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას.

ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები. ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. სინოფარმზე რეგისტრირება 27 აპრილიდან არის შესაძლებელი და ის ხელმისაწვდომია 18 წელს ზემოთ პირებისთვის.

კომენტარები