ვაქცინაცია

სინოფარმით ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას 18 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები შეძლებენ

ჩინური სინოფარმით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 27 აპრილს, 20:00 საათზე დაიწყება. ვაქცინაციაზე დარეგისტრირება 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს შეეძლებათ. 

ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.

"გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წლის ზევით მოქალაქეებისთვის დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველი გახლავთ, რომ არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის სინოფარმი არის უსაფრთხო ვაქცინა. შესაბამისად, საბჭო დაეყრდნო საერთაშორისო გადაწყვეტილებას და შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, აიცრან სინოფარმით". – ამბობს ტიკარაძე. 

 

ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები. ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა. საქართველოს მთავრობას სინოფარმთან მოლაპარაკებები კიდევ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის მოწოდებაზე აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, Sinopharm-ის ავტორიზაციის საკითხი 26 აპრილს განიხილეს, ხოლო Sinovac-ის ვაქცინის ავტორიზაციას 3 მაისს განიხილავენ. გადაწყვეტილებას განხილვიდან რამდენიმე დღეში მიიღებენ. 

კომენტარები