პოლიტიკური კრიზისი

ლანდსბერგისი: მოვუწოდებ მელიას, განიხილოს ის გარანტიები, რაც შეთავაზებულია ევროპელებისგან

"მოვუწოდებ მელიას, რომ გაითვალისწინოს ის გარანტიები, რომლებიც შეთავაზებულია ევროპელი პარტნიორებისგან და, აგრეთვე, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გამოხატოს სურვილი, შეუერთდეს იმ ძალისხმევას, რომელიც უკავშირდება შეთანხმებას". – თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოში ვიზიტისას.

ლანდსბერგისის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტით მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, მნიშვნელოვანია, პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების სრული მანდატი იყოს ასახული და, ასევე, შესრულდეს დოკუმენტში გაწერილი ყველა პუნქტი.

"ძალიან მნიშვნელოვანია, სრულად მოგვარდეს და გადაიჭრას არსებული შიდა პოლიტიკური სიტუაცია და ქვეყანას ჰყავდეს მოქმედი და ფუნქციონირებადი პარლამენტი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს მოქალაქეების სრული მანდატი. პოლიტიკური შეთანხმება შარლ მიშელის დოკუმენტის საფუძველზე შედგა და ჩვენ ვაქებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც მას ხელი მოაწერა. შეთანხმება არ გახლავთ დასასრული, შეთანხმების ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლავთ, მაგრამ არის სხვა ნაბიჯები, რომლებიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა პოლარიზებული მართლმსაჯულების მოგვარება, ასევე, ამბიციური საარჩევნო რეფორმის განხორციელება." – თქვა ლანდსბერგისმა


საქართველოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი 28 აპრილს ეწვია.

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე ოპოზიციასთან შეხვედრით დაასრულა. ოპოზიციასთან საუბარი თითქმის  სამი საათი გაგრძელდა. 

იქამდე  ლანდსბერგისი ხელისუფლების სამოქალაქო სექტორი წარმომადგენლებს, ქვეყნის პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ვიზიტის დეტალებსა და იმ გზავნილებზე, რომლებიც ხელისუფლების მისამართით გააჟღერა, ლანდსბერგისი ხვალ მედიისათვის დაგეგმილ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზებზეც.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას საქმეებზე).

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის შეთანხმება 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამოცხადებას მოიცავს. 

27 აპრილს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან. 

ოპოზიციის კანონპროექტის მიხედვით, ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, როგორც მომიტინგეების, ისე სამართალდამცველების წინააღმდეგ, ხოლო ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა შესაძლო დანაშაულსა და მუხლზე, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. 

ამავდროულად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებზე, როგორიცაა წამება, წამების მუქარა, არაადამიანური მოპყრობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ა.შ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები