NFT

ცეცხლმოკიდებული სახლისა და გოგონას სურათი (NFT) აუქციონზე 430 000 დოლარად გაიყიდა

ცეცხლმოკიდებული სახლისა და მოღიმარი გოგონას ცნობილი სურათი NFT-ის სახით ციფრულ აუქციონზე 430 000 დოლარად გაიყიდა

უბედურების გოგონას სახელით ცნობილი ზოი როთი სურათის გადაღების მომენტში ოთხი წლის იყო.  

2005 წლიდან მოყოლებული, სურათი ინტერნეტში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, თუმცა აქამდე ზოისა და მის ოჯახს ფოტოდან არავითარი სარგებელი არ მიუღია. 

NFT ტექნოლოგია კი ზოის მსგავს ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.  უნიკალური ტოკენი ანუ NFT (Non-fungible token) ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კრიპტო სისტემაა, რომელიც ციფრული პროდუქტებისა და აქტივების ფლობის ექსკლუზიური უფლების გაყიდვის საშუალებას იძლევა.

NFT კონტრაქტში იწერება ინფორმაცია გამყიდველის, მყიდველის, ობიექტისა და შეთანხმებული ფასის შესახებ. ამ მეთოდით შესაძლებელია სურათის, მუსიკის, ვიდეოს, ისტორიული მომენტისა თუ ტვიტის ფლობის ექსკლუზიური უფლების გაყიდვაც კი. 

მიუხედავად იმისა, რომ სურათის მფლობელი აუქციონში გამარჯვებული პიროვნება გახდა, ფოტოს ინტერნეტში გავრცელება კვლავაც უპრობლემოდაა შესაძლებელი. აუქციონში გამარჯვებული მხოლოდ ორიგინალური სურათის ფლობის ექსკლუზიურ უფლებას იღებს. 

NFT მარკეტის პოპულარობა 2018 წლიდან იზრდება და, ექსპერტების აზრით, ეს აუქციონების ახალი, ციფრული ვერსიაა, რომელიც არტისტებსა და მომხმარებლებს ჯერ არნახულ შესაძლებლობებს აძლევს.  


პირველად ისტორიაში, 69.3 მილიონ დოლარად კრისტის აუქციონზე NFT-ის სახით გაიყიდა სრულად ციფრული ხელოვნების ნიმუში, რომელიც ცნობილ ციფრულ არტისტსა და გრაფიკულ დიზაინერს Beeple-ს ეკუთვნის. 

კომპანია Twitter-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის, პირველი ტვიტი კი ციფრულ აუქციონზე  2.9 მილიონ დოლარად გაიყიდა

კომენტარები