NFT

Twitter-ის დამფუძნებლის პირველი ტვიტი NFT-ის სახით $2.9 მილიონად გაიყიდა

ჯეკ დორსი
ფოტო: ohionews

კომპანია Twitter-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის, პირველი ტვიტი ციფრულ აუქციონზე უნიკალური ტოკენის (NFT) სახით 2.9 მილიონ დოლარად გაიყიდა

ისტორიული ტვიტის მფლობელი კომპანია Bride Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი, სინა ესტავი გახდა. 

ტვიტი ციფრულ აუქციონზე, Valuables-ის პლატფორმაზე გაიყიდა და 2.9 მილიონიანი ტრანზაქცია კრიპტოვალუტის, ეთერიუმის [ETH] სახით განხორციელდა.  

NFT ერთგვარი ციფრული სერტიფიკატია, რომელიც კრიპტოგრაფიისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საშუალებითაა დადასტურებული. NFT კონტრაქტში იწერება ინფორმაცია გამყიდველის, მყიდველის, ობიექტისა და შეთანხმებული ფასის შესახებ. 
 



"ამ ტვიტის მხოლოდ ერთი, უნიკალური, ხელმოწერილი ვერსია არსებობს და თუ შემქმნელი მის გაყიდვაზე დათანხმდება, შეიძლება ის სამუდამოდ თქვენი გახდეს". – წერია აუქციონის პირობებში. 

NFT მარკეტის პოპულარობა 2018 წლიდან იზრდება და, ექსპერტების აზრით, ეს აუქციონების ახალი, ციფრული ვერსიაა, რომელიც არტისტებსა და მომხმარებლებს ჯერ არნახულ შესაძლებლობებს აძლევს.  

NFT-ის სახით შესაძლებელია სურათის, მუსიკის, ვიდეოს, ისტორიული მომენტისა თუ ტვიტის ფლობის ექსკლუზიური უფლების შეძენა.
 


პირველად ისტორიაში, 69.3 მილიონ დოლარად კრისტის აუქციონზე NFT-ის სახით გაიყიდა სრულად ციფრული ხელოვნების ნიმუში, რომელიც ცნობილ ციფრულ არტისტსა და გრაფიკულ დიზაინერს Beeple-ს ეკუთვნის. 

კომენტარები