NFT

World Wide Web-ის ორიგინალი კოდი სოტბის NFT აუქციონზე $5.4 მილიონად გაიყიდა

სოტბის აუქციონზე გამოფენილი WWW-ის ორიგინალი კოდი

World Wide Web-ის, ანუ მსოფლიო აბლაბუდას ორიგინალი კოდი სოტბის ციფრულ აუქციონზე NFT-ს სახით 5.4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

WWW [სამი დაბლიუ] დანაწილებული საინფორმაციო სისტემაა, რომელიც აქტიურად გამოიყენება ბრაუზერებისა და ვებგვერდების დასაკავშირებლად.

მსოფლიო აბლაბუდას გამომგონებელი ინგლისელი მეცნიერი, სერ ტიმოთი ჯონ ბერნერს-ლია, რომელმაც ეს სისტემა 1989 წელს, ხოლო საკუთარი პირველი ვებბრაუზერი 1990 წელს შექმნა.

სოტბის აუქციონში გამარჯვებულმა ჯონ ბერნერს-ლის მიერ დაწერილი ორიგინალი კოდი მიიღო, რომელიც 10 000-ზე მეტი სტრიქონისგან შედგება.

მსოფლიო აბლაბუდის შექმნასთან ერთად, ბერნერს-ლის უდიდესი წვლილი მიუძღვის URL-ის, HTML-ისა და HTTP-ის შექმნაში.

უნიკალური ტოკენი, ანუ NFT [Non-fungible token] ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კრიპტოსისტემაა, რომელიც ციფრული პროდუქტებისა და აქტივების ფლობის ექსკლუზიური უფლების გაყიდვის საშუალებას იძლევა.

NFT კონტრაქტში იწერება ინფორმაცია გამყიდველის, მყიდველის, ობიექტისა და შეთანხმებული ფასის შესახებ. ამ მეთოდით შესაძლებელია სურათის, მუსიკის, ვიდეოს, ისტორიული მომენტისა თუ ტვიტის ფლობის ექსკლუზიური უფლების გაყიდვაც კი.

"ათი წლის წინ ამას ვერც კი წარმოვიდგენდით, NFT ტექნოლოგიამ მოგვცა ისეთი არამატერიალური ობიექტის გაყიდვის საშუალება, როგორიც WWW-ის ორიგინალი კოდია.

ჩვენ სრულად ვერც კი აღვიქვამთ, თუ რა გავლენას იქონიებს ეს ჩვენს ცხოვრებასა და მომავალზე". – თქვა სოტბის ვიცეპრეზიდენტმა, კასანდრა ჰატონმა.

სერ ტიმოთი ჯონ ბერნერს-ლი

პირველად ისტორიაში, 69.3 მილიონ დოლარად კრისტის აუქციონზე NFT-ის სახით გაიყიდა სრულად ციფრული ხელოვნების ნიმუში, რომელიც ცნობილ ციფრულ არტისტსა და გრაფიკულ დიზაინერს Beeple-ს ეკუთვნის. 

კომპანია Twitter-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის, პირველი ტვიტი კი ციფრულ აუქციონზე  2.9 მილიონ დოლარად გაიყიდა

ცეცხლმოკიდებული სახლისა და მოღიმარი გოგონას ცნობილი სურათი კი ციფრულ აუქციონზე 430 000 დოლარად გაიყიდა

კომენტარები