პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

ანტიდეპრესანტები, მათგან გამოწვეული სექსუალური დისფუნქცია და მოგვარების გზები

პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

ანტიდეპრესანტები, მათგან გამოწვეული სექსუალური დისფუნქცია და მოგვარების გზები

ვის სჭირდება ანტიდეპრესანტები? როგორია მათთან ასოცირებული, უსიამოვნო გვერდითი მოვლენები? რა კავშირშია სექსუალური დისფუნქცია ანტიდეპრესანტებთან? რომელი ჯგუფის ანტიდეპრესანტები იწვევენ ყველაზე მეტ სექსუალურ ეფექტებს? როგორ მოვაგვაროთ პრობლემა? რა როლი აქვს D ვიტამინს? – სტატიაში ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ.

2017 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 10.7%-ს – 792 მილიონ ადამიანს – ერთი ან მეტი მენტალური პრობლემა აწუხებს. ამ ტიპის დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებული შფოთვითი აშლილობაა, მას მოსდევს დეპრესია, ალკოჰოლიზმი, ნარკოდამოკიდებულება და ბიპოლარული აშლილობა. 

მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, როცა ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად სოციალური დისტანცირების წესები გაჩნდა. შედეგად, ადამიანები საკუთარ პრობლემებთან მარტო დარჩნენ, მათთან გასამკლავებელი გზები კი ე.წ. "ლოქდაუნების" გამო მკვეთრად შემცირდა.

ფსიქიკური აშლილობები ადამიანის ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე ყველა მიმართულებით ახდენს გავლენას, იქნება ეს უძილობა, ენერგიის ნაკლებობა, უხასიათობა, მადის დაკარგვა თუ სხვა. პრობლემის სამართავად არაერთი მეთოდი არსებობს. მაგალითად, აშშ-ს შფოთვისა და დეპრესიის საზოგადოების მიხედვით, დეპრესიის დამოუკიდებლად მართვაში ფიზიკური აქტიურობა, საკუთარ ფიქრებსა და ქცევებზე დაკვირვება და ჯანსაღი აქტივობებით დაკავება დაგვეხმარება.

ინდივიდუალური მცდელობების მიუხედავად, ხშირად პრობლემასთან გასამკლავებლად პროფესიონალის დახმარება გვჭირდება. ფსიქიკური აშლილობების წინააღმდეგ ეფექტიანი მკურნალობის მეთოდია ფსიქოთერაპია. ფსიქოთერაპიის პროცესში, პროფესიონალები ადამიანის ქცევებს, ფიქრებს, ცხოვრების წესსა და კოგნიტურ აპარატს აკვირდებიან. როგორც წესი, თერაპიული მკურნალობა 45-55 წუთიან სეანსებად მიმდინარეობს, კვირაში ერთხელ ან რამდენჯერმე.

სეანსების დროს ფსიქოთერაპევტი ეცდება, პაციენტის ფსიქოტიპი შეისწავლოს, მის ფიქრებს, ქცევებს, ცხოვრების წესს, ძილისა და კვების რეჟიმებსა და სხვა დეტალებს დააკვირდეს, რაც მათ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებათ.

არანაკლებ წარმატებულია ფარმაკოთერაპია, რომელსაც ფსიქიატრი ნიშნავს. მას შემდეგ, რაც ფსიქიატრი დეპრესიის, შფოთვის ან სხვა ფსიქიატრიული დაავადების დიაგნოზს დასვამს, იგი პაციენტს წამლებს უნიშნავს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ექიმი. განსხვავებულ სიტუაციებში ფსიქიატრმა განწყობის, მადისა და ენერგიის მოსამატებლად, შესაძლოა, ანტიდეპრესანტები დანიშნოს. ან, განსაკუთრებულად ძლიერი შფოთვის ფონზე – დამამშვიდებელი საშუალებები. როგორც წესი, დანიშნულება კონკრეტულ პერიოდზე გაიცემა – 2 კვირიდან 1 წლამდე, ან უფრო მეტი ხნითაც.

მედიკამენტური მკურნალობის ეფექტიანობის მიუხედავად, ფსიქიკური აშლილობების სამართავ მედიკამენტებს არაერთი გვერდითი ეფექტი აქვთ. დღესდღეობით, ამ მიმართულებით, წამლების ყველაზე გავრცელებული ჯგუფი ანტიდეპრესანტებია, რომლებიც, თავის მხრივ, ქვეტიპებადაც იყოფა. ანტიდეპრესანტების მოხმარების არასასურველი ეფექტებიდან ყველაზე ცნობილია წონის კლება ან მატება, უმადობა, დაღლილობა, გულისრევის შეგრძნება, ინსომნია, ძილიანობა და სხვა.

ამას გარდა, ანტიდეპრესანტების გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს არასასურველი სექსუალური ეფექტები, რაც, სხვა გვერდით ეფექტებთან შედარებით, სექსუალური პრობლემები პაციენტის არამხოლოდ პირად, არამედ სექსუალურ ცხოვრებაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას, რაც ხშირად მთავრდება პარტნიორთან ურთიერთობების გაუარესებით ან გაწყვეტით.

არასასურველი სექსუალური ეფექტები ინდივიდიდან ინდივიდამდე განსხვავებულია. ზოგისთვის ეს პრობლემები თავს მკურნალობის დაწყებიდან მალევე იჩენს, ზოგისთვის – უფრო გვიან, გარკვეული ნაწილისთვის კი – არასდროს. ხშირ შემთხვევაში, ფსიქიკური აშლილობები, თავის მხრივ, ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაზე არანაკლებ ნეგატიურ გავლენას ახდენენ, ამიტომ, მკურნალობის შეწყვეტა ხშირად გამოსავალი არ არის.

სტატიაში განვიხილავთ, რა ტიპის სექსუალური ეფექტები სდევს ანტიდეპრესანტების მოხმარებას, როგორ ვლინდება ისინი კაცებსა და ქალებში, რა ვიცით გამომწვევი მიზეზების შესახებ და როგორ უნდა გადავჭრათ, ან შევამციროთ პრობლემა.

რას ნიშნავს არასასურველი სექსუალური ეფექტები?

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიხედვით, ანტიდეპრესანტებთან ასოცირებული გვერდითი მოვლენების არასრული სია ასეთია:

  • სექსის მიმართ ინტერესის დაკარგვა
  • ლიბიდოს შემცირება
  • აღგზნების გამოწვევისა და შენარჩუნების სირთულე
  • დაგვიანებული ან ნაადრევი ორგაზმი
  • ორგაზმის მიღწევის სირთულე, ზოგჯერ, უუნარობა
  • შეფერხებული ლუბრიკაცია და სხვა

რომელი ანტიდეპრესანტებია ასოცირებული სექსუალურ გვერდით მოვლენებთან?

განსხვავებული ტიპის ანტიდეპრესანტი ორგანიზმზე განსხვავებულად მოქმედებს, თუმცა, სექსუალური ეფექტები მეტნაკლებად ყველა მათგანს ახასიათებს, განსხვავებული სიმძაფრით.

SSRI/SNRI - სეროტონინის(და ნორეპინეფრინის) სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები

როგორც წესი, მსგავსი პრობლემები ყველაზე მეტად ანტიდეპრესანტების ამ ორ კლასში შეინიშნება. სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები ტვინში თავისუფლად არსებული სეროტონინის რაოდენობას ზრდიან, სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები კი ნორეპინეფრინის დონეზეც მოქმედებენ.

ამ ჯგუფებიდან პაციენტები სექსუალურ გვერდით ეფექტებს, უფრო ხშირად, შემდეგი მედიკამენტების მიღებისას ამჩნევენ:

  • ესციტალოპრამი/ციტალოპრამი(SSRI)
  • ციტომაქსი/დინოლი(SSRI)
  • დულოქსეტინი(SSRI)
  • რექსეტინი/პაქსილი(SSRI)
  • პროზაკი(SSRI)
  • ზოლოფტი(SSRI)
  • ველაქსინი(SNRI)
  • ეფექსორი(SNRI)

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების 58-70%, ვინც SSRI ტიპის ანტიდეპრესანტებით მკურნალობს, სექსუალურ გვერდით მოვლენებს უჩივის. ცნობილია, რომ ამ ტიპის მედიკამენტებით გამოწვეული ეფექტები სხვა ჯგუფის მედიკამენტის დამატებით შეიძლება შემცირდეს, როგორიცაა, მაგალითად, ველბუტრინი ან რემერონი.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები

ანტიდეპრესანტების განსხვავებული ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელია, მაგალითად, ამიტრიპტილინი, ბევრი პაციენტისთვის უკეთეს არჩევანს წარმოადგენს. კვლევების მიხედვით, ეს მედიკამენტი არასასურველ სექსუალურ ეფექტებს დეპრესიით დაავადებულ ადამიანთა მხოლოდ 7-10%-ში იწვევს.

MAOI - მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები

ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ამ ტიპის ანტიდეპრესანტების წარმომადგენლები გარკვეულ პაციენტებში სექსუალურ გვერდით ეფექტებს იწვევენ, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში ეს თავად მედიკამენტზეა დამოკიდებული.

სექსუალური გვერდითი მოვლენები ქალებში

ანტიდეპრესანტებით გამოწვეული სექსუალური გვერდითი მოვლენები ქალებშიც ისევე გვხვდება, როგორც კაცებში. უმრავლეს შემთხვევაში, პაციენტების ჩივილები SSRI ტიპის მედიკამენტებს უკავშირდება და შეფერხებულ ლუბრიკაციას, დაგვიანებულ ან ბლოკირებულ ორგაზმსა და შესუსტებულ ლიბიდოს გულისხმობს. უფრო ზოგადი გამოვლინება, შესაძლოა, სექსისადმი ინტერესის სრულად დაკარგვა იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში, ქალები სექსის დროს დისკომფორტის შეგრძნებაზეც საუბრობენ.

სექსუალური გვერდითი მოვლენები კაცებში

ანტიდეპრესანტებით გამოწვეული სექსუალური ეფექტებიდან კაცებში ყველაზე გავრცელებული შემცირებული ლიბიდო და ერექციული დისფუნქციაა, რაც ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების სირთულეს გულისხმობს. ზოგიერთი მამაკაცი გახანგრძლივებულ ან საერთოდ ბლოკირებულ ორგაზმსაც უჩივის, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გახანგრძლივებული სექსუალური აქტი ყველასთვის ნეგატიურ მოვლენას არ წარმოადგენს.

რატომ იწვევს ანტიდეპრესანტებით მკურნალობა არასასურველ სექსუალურ ეფექტებს?

დაზუსტებით ამის თქმა შეუძლებელია, რადგან, დღესდღეობით, ანტიდეპრესანტების მოქმედების მექანიზმი სრულად შესწავლილი არ არის. ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, მოქმედებს თუ არა პაციენტზე წამალი, მაგრამ რატომ ან როგორ, ბოლომდე ცხადი არ არის. ამას გარდა, სექსუალური დისფუნქციის, მათ შორის, ლიბიდოს შესუსტების, ერექციული დისფუნქციისა და გაუარესებული შეგრძნებების გამოწვევა დეპრესიას ან შფოთვასაც შეუძლია, ამიტომ, ყოველთვის ცხადი არ არის, რა განაპირობებს პაციენტის ჩივილს.

ამის მიუხედავად, მიზეზის ნაწილი, შეგვიძლია, თავად ანტიდეპრესანტის შემადგენლობასა და აქტიურ ნივთიერებაში ვეძიოთ. მაგალითისთვის, SSRI ჯგუფი, დღესდღეობით, ყველაზე გავრცელებული, გამოცდილი, ფსიქიატრების მიერ რეკომენდებული ტიპია, რომელსაც, წინამორბედებთან შედარებით ნაკლები ზოგადი ეფექტები აქვთ.

SSRI ტიპის ანტიდეპრესანტები ტვინში ცირკულირებული სეროტონინის რაოდენობას ზრდიან. სეროტონინი ჰორმონია, რომელსაც დეპრესიული და შფოთვითი სიმპტომების საწინააღმდეგო, სიმშვიდის მომგვრელი ჩვენება აქვს და გუნებაგანწყობის მარეგულირებელია. მეორე მხრივ, დიდი რაოდენობით სეროტონინი შემცირებულ ლიბიდოსთან, სექსუალურ ლტოლვასა და სიამოვნების მიღების შეზღუდვასთანაა ასოცირებული. პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, რამდენია "დიდი რაოდენობა", რადგან განსხვავებულია როგორც წამლების შემადგენლობა, ისე ადამიანი, მისი ბუნებრივი სეროტონინის დონე, ლიბიდო და ა.შ.

განსხვავებული თეორიის მიხედვით, ტვინში სეროტონინის რაოდენობის ზრდა დოპამინის შემცირებას იწვევს. დოპამინი ასევე ჰორმონია, რომელიც ტვინში მოტივაციის, აღგზნების, სტიმულირების, გაძლიერების, დაჯილდოების ცენტრებს არეგულირებს. თეორიის თანახმად, შემცირებული დოპამინი შემცირებულ სტიმულაციას, მოტივაციასა და აღგზნებას ნიშნავს, რაც სექსუალურ დისფუნქციაში ითარგმნება.

როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

დოზირება

ანტიდეპრესანტს ადამიანის სექსუალურ ჯანმრთელობაზე გავლენის მოხდენა ნებისმიერ დოზაზე შეუძლია. თუმცა, ლოგიკურია, რომ დიდი დოზები მეტ არასასურველ ეფექტებს ნიშნავს. ამიტომ, თუ სიმპტომები გაუსაძლისია, სჯობს, პაციენტი მკურნალ ექიმს გაესაუბროს და დოზის შემცირების საკითხი დააყენოს. ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტმა მედიკამენტის დოზა თვითნებურად უნდა შეცვალოს – გადაწყვეტილება ყოველთვის პროფესიონალმა უნდა მიიღოს, ანტიდეპრესანტებთან თამაში უბრალოდ არ შეიძლება.

ამას გარდა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ანტიდეპრესანტებს ნელი მოქმედება ახასიათებთ, ამიტომ დოზის შეცვლა სიტუაციას უმალვე ვერ გამოასწორებს – ორგანიზმის მიერ ახალი დოზის შეგუებასა და სექსუალური გვერდითი მოვლენების გაქრობას, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს.

წამლის მიღების დრო

თუ ანტიდეპრესანტს დღეში ერთხელ იღებთ, სექსუალური გვერდითი ეფექტების შემცირება, შესაძლოა, მიღების დროის სწორად შერჩევით შეძლოთ. კერძოდ, ცნობილია, რომ ანტიდეპრესანტების გვერდითი მოვლენები მორიგი დოზის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე მნიშვნელოვნად მსუბუქდება. ეს ნიშნავს, რომ წამლის სექსუალური აქტის შემდეგ მიღება საშუალებას მოგცემთ, ეფექტების გამოვლინება მინიმუმამდე დაიყვანოთ. ამ მეთოდის უარყოფითი მხარე დაგეგმილი სექსუალურ აქტივობაა, რაც მოტივაციას ასევე ასუსტებს.

მედიკამენტის ცვლილება

თუ დოზისა და მიღების დროის ცვლილებას შედეგი არ ჰქონია, ეს არ ნიშნავს, რომ გამოსავალი არ არსებობს. შესაძლოა, პაციენტის სექსუალურ ჯანმრთელობაზე კონკრეტული მედიკამენტი მოქმედებდეს ნეგატიურად, რომლის ცვლილებაც პრობლემას მოაგვარებდა.

პროფესიონალთან გასაუბრების შემდეგ, შესაძლოა, მან განსხვავებული ჯგუფის პრეპარატი დაგინიშნოთ, ან, სულაც, იმავე ჯგუფის, თუმცა სხვა დასახელების წამალი. მაგალითად, თუ ციტოლესი პაციენტში არასასურველ სექსუალურ ეფექტებს იწვევს, გამორიცხული არ არის, რომ რექსეტინზე, ზოლოფტზე ან ფევარინზე გადასვლამ ეს პრობლემა სრულად გადაჭრას.

მედიკამენტის ცვლილების გარდა, ექიმები პაციენტებს ხშირად დამატებით პრეპარატს უნიშნავენ, რომელიც ანტიდეპრესანტის პარალელურად მიიღება. როგორც წესი, ეს პრეპარატი ანტიდეპრესანტის იმ უარყოფით გვერდით ეფექტებს ახშობს, რომელიც პაციენტს აწუხებს. მაგალითად, ბუპროპიონი სწორედ ამითაა ცნობილი.

D ვიტამინი

არსებობს ჰიპოთეზა, რომ ანტიდეპრესანტებით გამოწვეული სექსუალური გვერდითი მოვლენების შემცირებაში D ვიტამინი პოზიტიურ როლს თამაშობს და მკურნალობის პარალელურად მისი დანამატის სახით მიღებამ, შესაძლოა, უსიამოვნო ეფექტების შემცირება გამოიწვიოს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და კვალიფიციურ ექიმ-ფსიქიატრს, ნინო ოკრიბელაშვილს ვთხოვეთ:

"გვაქვს გარკვეული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ D ვიტამინსა და ანტიდეპრესანტით გამოწვეულ სექსუალურ ეფექტებს შორის კორელაცია არსებობს. ყველაზე ხშირად, ეს ეფექტები ერექციულ დისფუნქციას უკავშირდება. თუ ზოგადად განვიხილავთ ერექციას, ეს არის კომპლექსური მექანიზმი, რომელშიც გვხვდება გარკვეული კოორდინაცია განსხვავებულ სტრუქტურებს შორის, როგორიცაა ნევროლოგიური, სისხლძარღვოვანი და ქსოვილოვანი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სექსუალური დისფუნქცია დაიწყო SSRI მედიკამენტის ფონზე, ამ დროს სწორედ ეს კოორდინაციული მექანიზმი ირღვევა. თუ გავითვალისწინებთ, რომ D ვიტამინი მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის დონეების, ჰომეოსტაზისა და ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ისევე როგორც რამდენიმე მნიშვნელოვან ენდოკრინულ პროცესში, შესაძლებელია, ვიფიქროთ, რომ დიახ, მაგალითად, ქსოვილოვანი სტრუქტურის გაჯანსაღების სახით, იგი შეიძლება მონაწილეობდეს სექსუალური ფუნქციის რეგულირებაში.

არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელთა თანახმადაც, სექსუალურ დარღვევებთან ასოცირებულია D ვიტამინის დაბალი დონე. თუ ახალი თაობის ანტიდეპრესანტები იწვევენ, გარკვეულწილად, ნივთიერებათა ცვლის მოშლას, მაგალითად, კარდიოვასკულარული დარღვევების მქონე პაციენტებში აძლიერებენ შარდმდენების მოქმედებასა და ნატრიუმის გამოყოფას ორგანიზმიდან და ასე შემდეგ, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ D ვიტამინი შეიძლება იყოს დამხმარე. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კორელაცია კვლევებით დამტკიცებული არ არის". – განმარტავს ნინო ოკრიბელაშვილი.

პარტნიორთან კომუნიკაცია

მკურნალობის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პარტნიორთან კომუნიკაციაა. საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშით, ადამიანები ხშირად ანებებენ თავს ანტიდეპრესანტებს, რასაც, საბოლოოდ, დეპრესიის სიმპტომების დაბრუნებამდე მივყავართ, მათ შორის, სექსუალური დისფუნქციისაც.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ორივე მხარე აქტიურად იყოს ჩართული, ჰქონდეთ გააზრებული როგორც ანტიდეპრესანტული მკურნალობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე მათზე თავის დანებების პერსპექტივებიც.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის პარტნიორს პრობლემის არსი ესმოდეს და სექსუალური პრობლემები პერსონალურად არ მიიღოს. როდესაც ადამიანებს ესმით, რა იწვევს პრობლემას, როგორია მოგვარების გზები და რა დრო შეიძლება დასჭირდეს ამ ყველაფერს, მათი მოლოდინები შესაბამისია და პრობლემაც სიმწვავეს კარგავს. 

 

კომენტარები