პოლიტიკური კრიზისი

ოქრიაშვილი: მიშელის დოკუმენტს ხელს მელიას გათავისუფლების შემდეგ მოვაწერ

პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერი, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მას შემდეგ მოაწერს, რაც ენმ-ის თავმდჯომარე, ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.

"არ მაქვს განცდა, რომ მოლაპარაკების პროცესი დასრულდა - პირიქით, ახლა იწყება. 2021 წელს 43%-იანი პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ დასრულებულა. შემოდგომაზე ჩვენ გვაქვს 43%-იანი პლებისციტი და არა მორიგი, ან ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები. ფაქტობრივად, ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ საპარლმენტო არჩევნები დასრულებული არ არის, რადგან მათ შეეშინდათ ამ დოკუმენტში ხალხის მხრიდან ვითომდა მიღებული ე.წ. მხარდაჭერის 48 %-ის ჩაწერა. 

მინდა ვთქვა, ოპოზიციის ერთიანობა რომ ყოფილიყო და რამდენიმე დღეც რომ მოეცადათ ხელმოწერამდე, საერთო ძალისხმევით უკეთეს შედეგებს დავდებდით, თუმცა ეს საკითხი უკვე ჩავლილია. რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლების პროცესს, იგი ყოველგვარი დამამცირებელი პროცედურებისა და გირაოს გადახდის გარეშე, სასწრაფოდ უნდა გამოვიდეს ციხიდან. როგორც კი პოლიტპატიმარი ნიკა მელია გათავისუფლდება, იმავე დღეს მოვაწერ ხელს ამ შეთანხმებას". - ამბობს კახა ოქრიაშვილი. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებული მართლმსაჯულებაა, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. 

ოპოზიციური პარტიებიდან შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. 20 აპრილს დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროპული საქართველოს სიის წევრებმა, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ. 

შეთანხმების დოკუმენტს ხელი ასევე მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა და ევროპელმა სოციალიტებმა (დავით ზილფიმიანი).

ქართული ოცნებიდან  დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

დოკუმენტს ხელს არ აწერს ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები