პოლიტიკური კრიზისი

ლელო შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს

ლელო საქართველოსთვის / Facebook

ლელო საქართველოსთვის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს. პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

პარტიის წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ლელო მხარ უჭერს ხელმოწერას და ამ პროცესების გადატვირთვას. 

"ლელო პრინციპულად ეთანხმება დოკუმენტს. ცხადია, მასში არის გარკვეული საკითხები, რაც პრაქტიკაში არის მნიშვნელოვანი, რომ უნდა დაზუსტდეს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველა პუნქტების შესრულება იყოს მედიატორების ყურადღების ქვეშ და ჩვენ ამაზე, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას. მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს ქვეყნისთვის, რომ მიღწეულ იქნას პოლიტიკური შეთანხმება და ლელო, აი ამ შეთანხმების სულისკვეთებით, მხარს უჭერს ხელმოწერას". – ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

ჯერჯერობით, ახალ დოკუმენტს ხელი გირჩის სამმა დეპუტატმა, იაგო ხვიაჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და ვახტანგ მეგრელიშვილმა მოაწერა.

"ხარვეზების მიუხედავად" დოკუმენტს ხელს აწერს სატრატეგია აღმაშენებელიც

ქართული ოცნება მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზებული დოკუმენტი, თუმცა, მმართველი პარტია არ დათანხმდება მასში რაიმე შინაარსობრივ დამატებას. 

ენმ ხელის მოწერას არ აპირებს, რადგან "პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტი ბუნდოვანია, ხოლო ვადამდელის საკითხის თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა - მიუღებელი".

რას გადაწყვეტენ სხვა ოპოზიციური პარტიები, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გოგა ბოკერიამ თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. პარტია დოკუმენტს განიხილავს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

რესპუბლიკური პარტია დოკუმენტს კომპრომისულად მიიჩნევს და მათთვის ვადამდელის დანიშვნის პრინციპი მისაღებია. 

რაც შეეხება გირჩი - მეტი თავისუფლებას, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს. მისი თქმით, ის გირჩის წევრებთან კონსულტაციებს გაივლის.  ჯაფარიძის თქმით, თვითმართველობის არჩევნების ვადამდელზე მიბმა არასწორია, რადგან "არ შეიძლება ადამიანებმა გააკეთონ რაღაც არჩევანი და იმ არჩევანს მიაბა მათი სხვა არჩევანი". 

კომენტარები