პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: ხარვეზების მიუხედავად, ხელი უნდა მოვაწეროთ მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტს

სტრატეგია აღმაშენებელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძე განცხადებას ავრცელებს.

"როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია, ვთვლით, რომ უნდა გამოვიყენოთ საერთო ბრძოლით მიღწეული  შექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა და ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, რაც გამომდინარეობს კომპრომისის ბუნებიდან, შესაძლებელია, ყველამ ერთად  ვაქციოთ დიდი შემობრუნების, დიდი ცვლილებების გარდამტეხ წერტილად. 

ჩვენ ამ ბრძოლაში გვაქვს  ორი მთავარი ფაქტორის მხარდაჭერა: 

  1. ეს არის ჩვენი მოქალაქეები და მათი ურყევი ნება, იცხოვრონ თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოში;
  2. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, რომ საქართველო იყოს ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო. 

შეთანხმება, თავისი ბუნებიდან გამომდინარე გულისხმობს კომპრომისებს და სწორედ ამიტომ წარმოდგენილი ხუთპუნქტიანი დოკუმენტი სულაც არ არის იდეალური. მას გააჩნია ხარვეზები, მაგრამ ერთობლიობაში შეთანხმება ქმნის პირობებს ქართული ოცნების სწრაფად და ჩვენი ქვეყნისთვის ნაკლები  ზიანით ჩამოშორებისთვის. 

მე მესმის, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში ემოციური დამოკიდებულებების, ასევე კარგად მესმის იმ ჯგუფების, რომლებიც გარკვეული მაქსიმებით ხელმძღვანელობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ ჩემი და სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის მოტივაცია შეთანხმების მიღწევაზე მომდინარეობს შექმნილი რეალობის არა ემოციური და რადიკალური, არამედ რეალური და პრაგმატული აღქმებიდან" - ნათქვამია გიორგი ვაშაძის განცხადებაში.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის მტკიცებით, პარტია ცდილობს, გამოიყენოს ქართულ ოცნებასთან, "როგორც უდიდეს უსამართლობასთან ბრძოლის ყველა საშუალება" და რაც მთავარია, გამარჯვებამდე შექმნას გამარჯვებისთვის საჭირო წინაპირობები.

"ის, რომ ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური მოტივით დევნა და უნდა გათავისუფლდნენ ამ მოტივით დაკავებული ადამიანები, არის ძალიან მნიშვნელოვანი;

ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება ვაქციოთ ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ჩამოშორების დიდ სამოქალაქო მოძრაობად;

ის, რომ  ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლო და დეპოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემა;

ის, რომ  ქვეყანას უნდა ჰქონდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, უფრო თავისუფალი და მიუკერძოებელი საარჩევნო სისტემა;

დიახ, სწორედ ამაზე შეთანხმება არის გამარჯვების მიღწევის წინაპირობა.

მეგობრებო, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საწყის ეტაპზე,  შეუძლებელი ჩანდა 9 აპრილის კომუნისტ ჯალათებთან რამეზე შეთანხმება , მაგრამ იმ დროინდელი ლიდერების ჯგუფის პრაგმატულმა ქცევამ, რომ დაეყოლიებინათ კომუნისტური პარტია მრავალპარტიულ არჩევნებზე, შექმნა თავისუფლების მოპოვებისთვის და გამარჯვებისთვის გადამწყვეტი პირობები. 

დიახ, მეგობრებო, დღეს საქართველო იმყოფება ისტორიულ გზაგასაყარზე, როცა საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ კომუნისტურ და ბოლშევიკურ სულისკვეთებას. შესაბამისად, ჩვენ ან ვიპოვით კრიზისიდან გამოსავალს შეთანხმების გზით, ან უკომპრომისო და შეურიგებელი ქმედებებით კიდევ ერთხელ, ეჭვქვეშ დავაყენებთ თავისუფლებას და  ჩვენ სახელმწიფოებრიობას, რითაც ისარგებლებს არა ჩვენი მოქალაქეები, არამედ მტრული სახელმწიფო, რომელზეც არა ერთხელ მიგვითითეს ამერიკის სენატის და ევროპარლამენტის ტრიბუნიდან.

დიახ, აღნიშნული შეთანხმება გამარჯვება არ არის, მაგრამ არსებულ ვითარებაში ხელსაყრელ პირობებს ქმნის გამარჯვებისთვის" - წერია განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

ჯერჯერობით, ახალ დოკუმენტს ხელი მხოლოდ გირჩის სამმა დეპუტატმა, იაგო ხვიაჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და ვახტანგ მეგრელიშვილმა მოაწერა.

ქართული ოცნება მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზებული დოკუმენტი, თუმცა, მმართველი პარტია არ დათანხმდება მასში რაიმე შინაარსობრივ დამატებას. 

ენმ ხელის მოწერას არ აპირებს, რადგან "პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტი ბუნდოვანია, ხოლო ვადამდელის საკითხის თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა - მიუღებელი".

რას გადაწყვეტენ სხვა ოპოზიციური პარტიები, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გოგა ბოკერიამ თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. პარტია დოკუმენტს განიხილავს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

რესპუბლიკური პარტია დოკუმენტს კომპრომისულად მიიჩნევს და მათთვის ვადამდელის დანიშვნის პრინციპი მისაღებია. მსგავსი პოზიცია აქვს ლელოს - მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ "პრინციპულად ეს დოკუმენტი არის მისაღები, თუმცა ლელო ამ ყველა პუნქტს გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რომ იმსჯელოს და პოზიცია საბოლოოდ დააფიქსიროს". ის აღნიშნავს, რომ "შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ".

რაც შეეხება გირჩი - მეტი თავისუფლებას, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს. მისი თქმით, ის გირჩის წევრებთან კონსულტაციებს გაივლის.  ჯაფარიძის თქმით, თვითმართველობის არჩევნების ვადამდელზე მიბმა არასწორია, რადგან "არ შეიძლება ადამიანებმა გააკეთონ რაღაც არჩევანი და იმ არჩევანს მიაბა მათი სხვა არჩევანი". 

კომენტარები