პოლიტიკური კრიზისი

მინაშვილი: ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

აკაკი მინაშვილი 
for.ge

ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, აკაკი მინაშვილმა თქვა და აღნიშნა, რომ პოლიტპატიმრების გამოშვების თემა ძალიან ბუნდოვანია. 

ენმ-სთვის ასევე მიუღებელია თვითმართველობის არჩევნების ვადამდელთან დაკავშირება. 

"აქ საუბარია გირაოზე და თქვენ კარგად იცით ჩვენი და ნიკა მელიას პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ასევე, საუბარია ამნისტიაზე საკმაოდ ფართო გაგებით, რომელიც მოიცავს იმ ადამიანებს, საჯარო მოხელეებს, რომლებმაც გადამეტებული ძალის გამოყენებით ზიანი მიაყენეს,რუსეთის წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველ ჩვენს მოქალაქეებს. მიუღებელია ეს შემოთავაზება და ასეთ ამნისტიაში მონაწილეობას არ მივიღებთ.

ის შემოთავაზება, რომელიც ეხება ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიბმა ვადამდელზე. ეს არის არასწორი მიდგომა. თვისობრივად სხვადასხვა არჩევნებია და ასეთი მიდგომა, კიდევ უფრო გაამძაფრებს და დაამძიმებს ვითარებას და კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას მოახდენს, ამიტომ ეს პრინციპი არის ჩვენთვის მიუღებელი". – ამბობს მინაშვილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

დოკუმენტი მოიცავს პუნქტს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები