პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: მიუღებელია, რა გზით მივდივართ ვადამდელამდე, ეს ერთი საკითხია გამოსასწორებელი

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში, არის ძალიან კარგი პროგრესი, თუმცა, მისი თქმით, ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა მათთვის მიუღებელია. 

ბოკერიას აზრით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

"ძალიან კარგი პროგრესი არის ამ დოკუმენტში, იმასთან შედარებით, რაც გვქონდა, საკვანძო საკითხი პოლიტპატიმრების, არის მკაფიო, რომ მელია და რურუა სწრაფად გათავისუფლდნენ. მეორე, ასევე ძალიან კარგი არის ის, რომ ვადამდელ არჩევნებზე საუბარიც არის მკაფიო, მაგრამ ჩვენთვის მიუღებლად რჩება რა ტესტით მივდივართ ვადამდელამდე, ეს ერთი საკითხი არის აქ გამოსასწორებელი და მაშინ ის მისაღები გახდება ავტომატურად, მაგრამ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ქართული ოცნების წევრები საერთოდ არ მოვიდნენ ამ შეხვედრაზე, კომენტარს არ აკეთებენ და არაფერს იძახიან.

ვადამდელის თვითმმართველობაზე მიბმა არის ჩვენთვის მიუღებელი, ან პირდაპირი შეთანხმება და ვადებზე მოქნილები ვართ, ან პლებისციტი. ბუნებრივია, ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან ხვალ გვექნება კონსულტაცია და მათ მოსაზრებას მოვუსმენ, მაგრამ ჩემი მოსაზრებაა, რომ ვადამდელის თვითმმართველობის შედეგებზე მიბმა არასწორი ტესტია". - ამბობს ბოკერია. 

მისივე თქმით, ჯერჯერობით დოკუმენტზე ხელს არ მოაწერენ, სანამ არ მოისმენენ მმართველი გუნდის პასუხს. მისივე თქმით, ევროპული საქართველო პარტიის შიგნით და გარეთ ხვალ დაიწყებს დოკუმენტის განხილვას და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. 

"ჯერ პროცესში ვართ, ჯერ არაფერს არ ვაწერთ ხელს, მთავრობა შეხვედრაზე არ მოსულა, ვინ რაზე უნდა მოაწეროს. მოვისმინოთ ჯერ მათი, ქართული ოცნების პასუხი, ეს იყო იაფფასიანი, უპატივცემულო ჟესტი, რომ არც მოდიხარ შეხვედრაზე, როცა სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით უნდა გადაწყდეს ბედი, ამ ჩიხიდან გამოსვლას დავიწყებთ თუ არა". - ამბობს ბოკერია. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

დოკუმენტში შემოთავაზებლია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

დოკუმენტი ასევე მოიცავს პუნქტს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული სამართლიანობის ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილი მხარე ამნისტიის შესახებ კანონის ინიციატივით უნდა გამოვიდეს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და ბრალდების შესახებ.

"შემდეგ ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ ხმა მისცენ საკანონმდებლო ცვლილებებს და საპარლამენტო წესების რეფორმას". – ნათქვამია დოკუმენტში. 


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები