ინფრასტრუქტურა

ზესტაფონში გზები 8 თვეა გადათხრილია, ტენდერში გამარჯვებული საქმეს არ ასრულებს – GMC

ფლანგვის დეტექტორი

შპს ჯეუ გრუპმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა ზესტაფონის გზების სარეაბილიტაციო 8-მილიონიან ტენდერში, რომლის მიხედვითაც სამუშაოები 2021 წლის ივლისში უნდა დასრულდეს, თუმცა ძველი საფარის აყრიდან 8 თვის თავზე, ქუჩების ისევ გადათხრილია, სამუშაო შეჩერებულია, ქუჩებზე ბიზნესები იხურება და უმუშევრობა იზრდება.

ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

დეტექტორის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ზესტაფონში გზების რეაბილიტაციის მიზნით, 8.6 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს ჯეუ გრუპმა, რომელმაც 8.03-მილიონიანი წინადადება წარადგინა.

ფლანგვის დეტექტორში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყო, რის შედეგადაც მოხდა ძველი ასფალტის საფარის აყრა გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე და მძიმე ტექნიკით გადაითხარა ეს ტერიტორია, რათა მომზადებულიყო ასფალტის ახალი საფარის დასაგებად. მიუხედავად საკმაო დროის გასვლისა, სამუშაოების დაწყებიდან 8 თვის თავზე გზის ეს მონაკვეთები ისევ გადათხრილი რჩება და იქ ასფალტის ერთი ფენაც კი არ დაგებულა.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული მდგომარეობა უკიდურესად აზიანებს ამ ქუჩებზე განლაგებულ ბიზნესს, რომლის მფლობელებიც იძულებულები არიან, შეამცირონ სამუშაო შტატები ან სულაც დახურონ სამეწარმეო ფართები. დაუსრულებლად გადათხრილი ქუჩები, აგრეთვე დიდი დისკომფორტია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯეუ გრუპი, რომელმაც 2013-20 წლებში 160 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო და რომლის მფლობელებიც ქართული ოცნების შემომწირველები არიან, სამუშაოების ვადაგადაცილებით და/ან უხარისხოდ ასრულებს.

 

კომენტარები