ინფრასტრუქტურა

საქართველო მსოფლიო ბანკისგან $167.7 მილიონიან შეღვათიან სესხს მიიღებს

მსოფლიო ბანკისა და საქართველოს დროშები
RFE/RL

ოთხშაბათს, 9 ივლისს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ ხელი მოაწერეს შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის დაფინანსების ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში საქართველო მიიღებს $75 მილიონის ოდენობის შეღავათიან სესხს.

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ, განმარტა, რომ აღნიშნული პროექტი 2015-2017 წლების პერიოდზეა გათვლილი. ის იმედოვნებს, რომ გრძელვადიან პერიოდში საქართველოს სოფლებში დაგებული გზები და შესაბამისად გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა დადებითად აისახება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებასა და ზოგადი ყოფის გაუმჯობესებაზე. 

კერალიმ დაამატა, რომ აღნიშნულმა სესხმა ხელი უნდა შეუწყოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განვითარებასაც. 

გარდა გზების დაფინანსებისა, მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას $92.7 მილიონის ოდენობით შეღავათიანი სესხი საბიუჯეტო სახსრების შესავსებად გამოყო. ამ სესხის ფარგლებში უნდა მოხდეს საჯარო ფინანსების ადმინისტრირების დახვეწა, სოციალური სერვისებისა და სახელმწიფოს კონკურენტული უპირატესობის განვითარება. 

მსოფლიო ბანკმა სესხები DPO III-ის (განვითარების პოლიტიკის სამოქმედო გეგმა) ფარგლებში გამოყო

განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიება მიმართულია საქართველოს კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს ქვეყანაში შემდგომი სტრუქტურული რეფორმების, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში  თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას - განმარტა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ. 

კონკურენტული გარემოს შექმნისა და ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი პროგრამა საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსებით ფინანსდება. 

კომენტარები