ინფრასტრუქტურა

პრემიერი: 2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურაზე 10 მილიარდ ლარს დავხარჯავთ

ტაბულა

"2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება, მხოლოდ 2017 წელს 1.260 მილიარდის ღირებულების პროექტები განხორციელდება", - ამბობს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. პრემიერმა დღეს მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის ნაწილი წარადგინა.

"ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარმოადგინა ‎2017-2020 წლების განმავლობაში დაგეგემილი 2500 პროექტის გეგმა, რაც გულისხმობს 1000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციას, დამატებით 500 ათასი ადამიანისთვის 24-საათიანი წყალმომარაგების მიწოდებას, ნაგავსაყრელების პრობლემის გადაწყვეტას და კიდევ მრავალ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლისთვისაც უპრეცედენტო მოცულობის 10 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას ვახორციელებთ.

რას მოუტანს ახალი სივრცითი მოწყობა ჩვენს ქვეყანას? ახალ გზებს, მაგისტრალებს, ახალ აეროპორტებს, პორტს, ხიდებს, გვირაბებს, ჩვენი ქვეყნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს, ახალ 40 ათას სამუშაო ადგილს!", - ამბობს პრემიერი.

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით, რიკოთის 54 კილომეტრიან უღელტეხილზე ჩქაროსული მაგისტრალის გაყვანა, თბილისის შემოვლითი მაგისტრალის, ნახატხარი-ჟინვალის მაგისტრალის, გურჯაანი თელავის მაგისტრალის, ჟინვალი ლარსის 110 კილომეტრიანი მაგისტრალის, სამტრედია ზუგდიდის 90 კილომეტრიანი მაგისტრალის, ლენტეხი-მესტიის მაგისტრალის, ზემო იმერეთი-რაჭის მაგისტრალის მშენებლობა 2018 წლის მეორე კვარტალში დაიწყება. 

ალავიძე ასევე აღნიშნავს, რომ ამ პროექტების საგარეო ვალით დაფინანსებისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებები უკვე მიღწეულია.

2017-2020 წლებში საქართველოს ბიუჯეტი (ჯამში სამი წლის) სავარაუდოდ 33-35 მილიარდი ლარი იქნება, პრემიერის მიერ დასახელებული 10 მილიარდი ლარი კი ამ თანხის 28-30%-ია, აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება დღევანდელი ბიუჯეტით ინფრასტრუქტურისთის გამოყოფილ თანხას, რაც ბიუჯეტის 15%-ზე ნაკლებია.

2017 წლის ბიუჯეტის პროგრამული ნაწილის მიხედვით კი 2017-2020 წლებში რეგიონალურ განვითარებაზე, ინფრასტრუქტურასა და ტურიზმზე ჯამში 11 მილიარდ ლარამდე დახარჯვა იგეგმება. აქედან ყვეაზე მეტი თანხის - 4.2 მილიარდი ლარის 2019 წელს დახარჯვაა დაგეგმილი. სავარაუდოდ ამ პროგრამების დაფინანსება საგარეო ვალის აღებით მოხდება, რის შედეგადაც სამთავრობო ვალის მშპ-სთან მიმართება გაიზრდება.

კომენტარები