დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინის დაძაბულობის ფონზე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ავიაციამ წვრთნები დაიწყო

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქმა და შავი ზღვის ფლოტის ავიაციამ შავიზღვისპირეთში მასშტაბური წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

წვრთნები, უკრაინის დაძაბულობის ფონზე, აშშ-ს ორი სამხედრო ხომალდის შავი ზღვის წყლებში გამოგზავნის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

სამხრეთის სამხედრო ოლქის საჰაერო დანაყოფის Су-24М და Су-34 ტიპის ავიაგამანადგურებლები შავიზღვისპირა აეროდრომებზე გადაიყვანეს, რათა წვრთნები შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის Су-27СМ და Су-30СМ-ებთან ერთად ჩატარდეს. 

ავიაციის გარდა, წვრთნებში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდებიც მიიღებენ მონაწილეობას. 

პარალელურად, რუსეთს კასპიის ზღვის ფლოტის ნაწილები აზოვის ზღვაში გადაჰყავს.

აშშ-ს მიერ ორი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი.

"ვაფრთხილებთ აშშ-ს, რომ მათთვისვე უკეთესი იქნება, თუ ყირიმისგან, ჩვენი შავიზღვისპირეთისგან, თავს შორს დაიჭერენ". - თქვა რიაბკოვმა.


აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრანელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინაული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშის თანახმად, 2 აპრილს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 1 021 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 511 აფეთქება. ეუთოს ანგარიშების მიხედვით, ეს ბოლო ერთი თვის მანძილზე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევაა. შეთანხმების სისტემატური დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეაიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნის. ხომჩაკი ამბობს, რომ სამხედრო აქტივობას რუსეთი წვრთნების, “დასავლეთი 2021”-სთვის მზადებით ამართლებს. მთავარსარდლის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან 28 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული და უკრაინის სამხედრო ძალების შეფასებით, რუსეთი გეგმავს საზღვართან დამატებით 25 ბატალიონის გადასროლას.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. პესკოვის თქმით, "რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ "ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად". პესკოვმა ასევე გამოთქვა შიში, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვანს საქმეს.

5 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ხოლო ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა ნატოა.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

კომენტარები