ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებული არ არის, თუმცა, არც წარუმატებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი წარმატებული არ არის, თუმცა, მისივე სიტყვებით, არც წარუმატებელია. 

"[ვაქცინაციის პროცესი] არ არის წარმატებული, პირდაპირ გეტყვით. ამის ბევრი ფაქტორია. მე გეტყვით, რომ არ არის წარმატებული. ამ დროისთვის, დაახლოებით, 20 000 ადამიანია აცრილი, როცა გეგმით ჩვენ ამ დროისთვის ვფიქრობდით, რომ უნდა გვყოლოდა, დაახლოებით, 50 000 აცრილი. სულ მცირე, 2-ჯერ მაინც ჩამოვრჩებით იმ ტემპს, რაც გვინდოდა. ეს დამოკიდებულია ვაქცინების მარაგზეც, მსოფლიოში ვაქცინების დეფიციტია. გვიან მივიღეთ ის ვაქცინა, რომელსაც ველოდით". - ამბობს ამირან გამყრელიძე TV პირველთან.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვისი პასუხისმგებლობაა ეს წარუმატებლობა, ამირან გამყრელიძე პასუხობს: 

"წარუმატებლობას მე არ გეუბნებით, მე არ მითქვამს წარუმატებლობა. წარმატებული არ არის.  წარუმატებელი არ არის. მე გეტყვით, რომ ძალიან გთხოვთ, ამ ყველა სიტყვას დავუკვირდეთ ხოლმე, ამ დროს მოსახლეობას ველაპარაკები. წარუმატებელი არ არის. ეს გახლავთ ვაქცინაციის შედარებით დაბალი ტემპი".

გამყრელიძის განმარტებით, ვაქცინაციის დაბალი ტემპის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობის ნაკლები დამყოლობაა.  

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ვაქცინა 1 457 ადამიანმა გაიკეთა, სულ აცრილია 19 694 მოქალაქე.   

საქართველოში ვაქცინაცია Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებით მიმდინარეობს. ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს  შემოვიდა, Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 55 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ. ასევე, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დასარეგისტრირებლად ქრონიკული დაავადებების მქონეთა სიები შედგება. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვაქცინაციაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაციაც დაიწყება.

კომენტარები