ვაქცინაცია

ტიკარაძე: ვაქცინაციაზე დასარეგისტრირებლად ქრონიკული დაავადებების მქონეთა სია შედგება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მომდევნო კვირაში ქრონიკული დაავადების მქონე პირების სიები შეიქმნება და მათ ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეეძლებათ.  

"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი მოთხოვნიდან, არის ქრონიკული დაავადების მქონე პირების მეტად უფრო ინტენსიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. 

სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენს პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად, ვინც ჩართული არის ვაქცინაციის პროცესში, დამატებით იმუშავებს შემდეგი კვირის მანძილზე. ჩვენ შევადგენთ სიებს, იმ არსებული ბაზებიდან, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში გაგვჩნია მრავალი წლის გამოცდილებიდან. ეს სიები განთავსდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე, რითაც პროგრამა შეძლებს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებას, ვისაც აქვს მაღალი რისკი და ეს ადამიანები შეძლებენ დარეგისტრირებას". - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, ამ დროისთვის, პორტალზე დარეგისტრირება 55 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ. საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არაა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მათ იმ პირობით შეიძინეს ჩინური ვაქცინა, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას მიიღებს.

კომენტარები