აშშ-ირანი

აშშ და ირანი ბირთვულ შეთანხმებაზე საუბრის გაგრძელებაზე თანხმდებიან

2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების შესახებ მოლაპარაკებები ავსტრიაში, ვენაში მომდევნო კვირას გაიმართება. ეს შეთანხმების შენარჩუნების პირველი დიდი მცდელობაა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ხელისუფლების სათავეში ჯო ბაიდენი მოვიდა. 

შეთანხმების ხელმომწერები ვენაში შეკრებას 6 აპრილიდან დაიწყებენ. მოლაპარაკებებს დაესწრებიან აშშ-ს, ირანის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ჩინეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. 

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები ამერიკულ და ირანულ მხარეს შორის პირისპირ არ შედგება. 

ვენის მოლაპარაკებების მიზანი იქნება შედგეს ორი სახის შეთანხმება, ერთი ირანისთვის, მეორე აშშ-სთვის. მათი მეშვეობით უნდა გადაწყდეს, თუ როგორ დაუბრუნდებიან მხარეები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შესაბამისობას და რა ნაბიჯების გადადგმა დაევალებათ მათ. ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, მოლაპარაკებების მიზანია, რომ 2 თვეში მიაღწიონ შეთანხმებას.

მოლაპარაკებები შეეხება აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებსაც, რომლებიც იმ შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას, თუკი ირანი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.


2015 წლის ბირთვული შეთანხმების მიხედვით ირანს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უარი უნდა ეთქვა ბირთვული იარაღის წარმოებაზე. თუმცა მას შემდეგ, რაც ირანი ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების დარღვევაში დაადანაშაულეს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2018 წელს აშშ-მ შეთანხმება დატოვა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი მხარს უჭერს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანი დაიწყებს შეთანხმების პირობების შესრულებას. თებერვალში ბაიდენმა თქვა, რომ ირანისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ მოხსნიან, სანამ ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ დაიწყებს. მარტის დასაწყისში კი ბაიდენმა ირანისთვის ეკონომიკური სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას მოაწერა ხელი.

თავის მხრივ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ ირანი არ აპირებს შეამციროს თავისი ბირთვული პროგრამა, სანამ აშშ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს არ მოხსნის.

მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ირანმა ნათანზის მიწისქვეშა ბირთვულ ლაბორატორიაში ურანის გამდიდრება დაიწყო. 2020 წლის იანვარში ირანის მთავრობაში განაცხადეს, რომ 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყეს. ბოლო პერიოდში ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებდა. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო. გარდა ამისა ირანი 2021 წლის პირველ ნახევარში ამდიდრებდა ურანის ლითონს და ასევე შეცვალა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან არსებული პირობები და ვალდებულებები.

კომენტარები