ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

მდინარაძე პოზნერზე: ფსევდოპატრიოტული ისტერია მათგან, ვისი სპიკერიც კანდელაკია, მიუღებელია

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ "ფსევდოპატრიოტული ისტერია ხალხისგან, რომელმაც გიორგი კანდელაკი აირჩია სპიკერად, მიუღებელია." 

"ჩემთვისაც კატეგორიულად მიუღებელი იყო და ცუდი იყო ძალიან მათი რეგულაციების დარღვევა და ძალიან კარგია, რომ ამაზე მყისიერი რეაგირება იყო, ამ ნაწილში ბევრს დავეთანხმები, მაგრამ ის ფსევდოპატრიოტული ისტერია იმ ხალხისგან, რომლებმაც დღეს, მაგალითად, გიორგი კანდელაკი აირჩიეს მთავარ სპიკერად ომის თვითონ საქართველოს მხრიდან დაწყების გამპრავებელი გიორგი კანდელაკი. ეს ჩემთვის არის მიუღებელი. ეს ფსევდოპატრიოტული ისტერია მათი მხრიდან წარმოუდგენელია და მარაზმში გადავდივართ. ეს არ არის ის, რასაც ჰქვია პატრიოტიზმი. ეს არის მოგონილი პატრიოტიზმი და ფსევდოპატრიოტიზმი.  

უხერხულობას ნამდვილად უნდა უქმნიდეს ყველას მოგონილი ამბებით მანიპულირება. რუსი ტურისტები, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, მაშინ საერთოდ ყველა ავკრძალოთ. იგივე წარმოდგენა აქვთ მათ ყველას". - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, საქართველოში ვლადიმირ პოზნერის შემოშვება პოლიტიკურად არაფრით განსხვავდება გავრილოვის შემოშვებისგან და, მისივე ინფორმაციით, პოზნერის დელაგაციას შსს-ს მიერ საშვები წინასწარ ჰქონდა მინიჭებული

პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. 

რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა. შსს-ს ცნობით, 32 ადამიანი დააჯარიმეს, თუმცა, უწყებაში არ ამბობენ, არის თუ არა მათ შორის პოზნერი. 

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და იქ 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები