პოლიტიკური კრიზისი

კაპანაძე: ახლაც ქართული ოცნება არ აღმოჩნდა მზად, წამოსულიყო შეთანხმებაზე – ამიტომ ჩაიშალა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ქართული ოცნება კვლავ არ აღმოჩნდა მზად შეთანხმებისთვის, ამიტომაც ჩაიშალა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

"ძალიან სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩაიშალა, მაგრამ ჩაიშალა იმიტომ, რომ ქართული ოცნება არ აღმოჩნდა მზად ისევ და ისევ, როგორც წინა რაუნდზე, რომ წამოსულიყო შეთანხმებაზე, პოლიტიკური პატიმრების თემა დაეხურა ერთხელ და სამუდამოდ და მოგვეძებნა გზა ახალ არჩევნებამდე. შემოთავაზებულ დოკუმენტში სამი საკითხი იყო, რაც ჩვენთვის ამ წუთშივეა მისაღები, ესაა ძალაუფლების განაწილების საკითხი, სასამართლო რეფორმისა და საარჩევნო რეფორმის საკითხები, მაგრამ ამ საკითხებზეც ქართული ოცნება არაა მზად, რომ გადმოდგას ნაბიჯები. რეალურად მოლაპარაკებები ისევ ჩაიშალა ქართული ოცნების სრულიად არაკონსტრუქციული დამოკიდებულების გამო, როგორც ჩანს, მათ ეშინიათ, რომ ნებისმიერი დათმობა დაუჯდებათ ძალაუფლებად. სადამდე მიიყვანს მათ ეს პოლიტიკა, ამას ყველანი ერთად ვნახავთ". – ამბობს სერგი კაპანაძე.

კაპანაძის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლები პოლიტიკური მოტივით დაკავებულ გიორგი რურუას პოლიტპატიმრად არ მიიჩნევენ. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ და ყველა შეფასებაში ცალსახადაა ეს საკითხი აღნიშნული, იქნება ეს ევროპარლამენტის თუ სენატის.

"ძალიან ირონიულია, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები გიორგი რურუას პოლიტპატიმრად არ მიიჩნევენ, ადამიანს, რომელიც დააკავეს კონკრეტული პოლიტიკური მოტივით, რადგან აფინანსებდა ტელეკომპანია მთავარს, იარაღის კოლექციონერი, რომელსაც იარაღი ჩაუდეს და მოწმეები მარტო პოლიციელები არიან. ამას ამბობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებმაც 2012-13 წლებში საპატიმროებიდან გაუშვეს ათასობით ადამიანი და მათ დაარქვეს პოლიტპატიმრები, მათ შორის, რუსი ჯაშუშები. ისინი იყვნენ პოლიტპატიმრები და გიორგი რურუა არაა. საბოლოო ჯამში, ყველამ იცის, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და ყველა შეფასებაში ესაა აბსოლუტურად ცალსახა, სენატი იქნება თუ ევროპარლამენტი, ყველაგან ამაზე საუბრობენ. ჩვენ თუ გვინდა ამ კრიზისის დაძლევა, ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გადავდგათ ნაბიჯი, რომ პოლიტიკური დევნა დასრულდეს". – ამბობს სერგი კაპანაძე.

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ. ყველაფერი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე წაიკითხეთ - აქ.

კომენტარები